გერმანიამ პროექტ “ჩრდილოეთ ნაკადი-2”-ის გაზის ევროპული დირექტივისგან გათავისუფლებაზე უარი განაცხადა
15/05/2020 09:49:15 მსოფლიო
გერმანიის ფედერალურმა ქსელურმა სააგენტომ პროექტ “ჩრდილოეთ ნაკად-2”-ს ევროკავშირის გაზის დირექტივის პირობებისგან გათავისუფლებაზე უარი განუცხადა. მიზეზად ის გარემოება დასახელდა, რომ პროექტი 23 მაისამდე არ იქნა რეალიზებული. რეგულატორმა უკუაგდო ოპერატორი კომპანია “Nord Stream 2 AG”-ის განაცხადი და დაადგინა, რომ პროექტი ევროპულ რეგულირებას ექვემდებარება.
გაზის დირექტივის თანახმად, ყველა გაზსადენზე, რომლითაც ბუნებრივი აირი ევროკავშირს მიეწოდება, ვრცელდება შიდა ბაზრის პირობები: გაზის მომწოდებელი და ოპერატორი არ შეიძლება, იყოს ერთი და იგივე კომპანია – მილსადენზე წვდომა უნდა ჰქონდეთ მესამე ქვეყნებსაც. ეს ნიშნავს, რომ ოპერატორი კომპანია “Nord Stream 2 AG” დამოუკიდებელი უნდა იყოს რუსული "გაზპრომისგან", ხოლო მილსადენის სიმძლავრის 50% დარეზერვებული უნდა იყოს სხვა მიმწოდებლებისათვის. ამჟამად კი “Nord Stream 2 AG” 100%-ვე რუსულ კონცერნს ეკუთვნის.
• პროექტი "ჩრდილოეთ ნაკადი-2" ითვალისწინებს რუსეთის სანაპიროდან გერმანიამდე ბალტიის ზღვრის ფსკერზე მილსადენის ორი შტოს მშენებლობას, რომელთა საერთო სიმძლავრე წელიწადში 55 მლრდ კუბური მეტრი გაზი იქნება. ვარაუდობდნენ, რომ მილების ჩადება 2019 წლის მეოთხე კვარტალში დასრულდებოდა, თუმცა დეკემბრის ბოლოს სამუშაოები შეჩერდა მას შემდეგ, რაც აშშ-ის კონგრესმა მიიღო კანონპროექტი, რომელიც ამ პროექტის ფარგლებში მილების ჩადების პროცესში მონაწილე კომპანიების მიმართ სანქციებს აწესებს.
• სანქციების შემოღების შემდეგ რუსეთის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ მილსადენის მშენებლობა 2020 წლის ბოლოს ან 2021 წლის დასაწყისისთვის მაინც დასრულდებოდა. ამ დღეებში სააგენტო “Bloomberg” იუწყებოდა, რომ გაზსადენის მშენებლობა “ახლოა განახლებასთან”. კომპანია “Nord Stream 2 AG”-ში ეს ინფორმაცია არც უარყვეს და არც დაადასტურეს. “Bloomberg”-ის შეფასებით კი, დარჩენილია გაზსადენის 6%-ის – 100 კმ-ზე ოდნავ მეტის ჩადება.
• აშშ ამ პროეტს ეწინააღმდეგება და აცხადებს, რომ იგი ევროპას რუსულ გაზზე მეტისმეტად დამოკიდებულსა და, შესაბამისად, მოწყვლადს ხდის. ამ პოზიციას იზიარებენ უკრაინა და ევროკავშირის რიგი სახელმწიფოებიც. რუსეთი, გერმანია, ავსტრია და სხვა რამდენიმე სახელმწიფო კი, რომელთა კომპანიები პროექტში მონაწილეობენ, აცხადებენ, რომ საუბარია მხოლოდ და მხოლოდ ბიზნეს-პროექტზე.
• ვაშინგტონმა ევროპის ქვეყნებს ამერიკული გაზით მომარაგება შესთავაზა.


