Accentnews.ge
დღეიდან ბალტიის ქვეყნებმა ერთმანეთთან საზღვრები გახსნეს

დღეიდან ბალტიის ქვეყნებმა ერთმანეთთან საზღვრები გახსნეს

15/05/2020 09:02:05 მსოფლიო

ლიეტუვამ, ლატვიამ და ესტონეთმა დღეს კორონავირუსის პანდემიის გამო ერთმანეთთან ჩაკეტილი საზღვრები გახსნეს. ამ ქვეყნების მოქალაქეები მათ შორის თავისუფლად გადაადგილებას შეძლებენ იმ პირობით, რომ ბოლო 14 დღის განმავლობაში ბალტიისპირეთის ქვეყნებიდან არ გასულან და ინფიცირებულებთან კონტაქტი არ ჰქონიათ. ამასთან, უცხოელები კვლავინდებურად ვალდებულები იქნებიან, ორკვირიანი კარანტინი გაიარონ.

კორონავირუსის მხრივ ვითარება სამივე ქვეყანაში შედარებით სტაბილურია, ინფიცირებულთა სადღეღამისო ნამატი რამენიმე ათეულს არ აღემატება.

“ტურისტულ ბუშტს” ევროკავშირის ჩრდილო-დასავლეთში უახლოეს ხანებში შესაძლოა, ფინეთი და პოლონეთიც შეუერთდნენ​.

მანამდე სასაზღვრო რეჟიმის სხვადასხვა ფორმით შემსუბუქება ევროპის სხვა სახელმწიფოებმაც დაიწყეს. მაგალითად, ხორვატიამ უკვე 9 მაისიდან გახსნა თავისი ტერიტორია უცხოელი ტურისტებისთვის, რომელთაც დაჯავშნული საცხოვრისი გააჩნიათ. ეს – მიუხედავად იმისა, რომ ოფიციალურად, ქვეყნის საზღვრები ჩაკეტილი რჩება. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ხორვატია შესაძლოა, ერთ-ერთ მონაწილედ იქცეს “მწვანე დერეფნისა”, რომელიც შედარებით სტაბილური ეპიდემიოლოგიური ვითარების მქონე რიგი ქვეყნების (ჩეხეთი, ავსტრია, სლოვაკეთი) მაცხოვრებლებს ზღვაზე დასვენების შესაძლებლობას მისცემთ.

თუმცა კორონავირუსისგან ერთ-ერთი ყველაზე მეტად დაზარალებული ქვეყანა – იტალია აღშფოთებულია “მწვანე დერეფნების” შექმნის იდეით. პრემიერ-მინისტრი ჯუზეპე კონტე ევროკავშირიდან გასვლითაც კი დაიმუქრა. საქმე ისაა, რომ თავად იტალიის საზღვრები ტურისტებისთვის ამ დრომდე ჩაკეტილი რჩება.

• ევროკავშირის ქვეყნებმა, მათ შორის შენგენის ზონის სახელმწიფოებმა საზღვრების ნაწილობრივი ან სრული ჩაკეტვა მარტის შუა რიცხვებში დაიწყეს. ამასთან, სატვირთო გადაზიდვები არ შემწყდარა.

• ჩაკეტილი იყო ასევე შენგენის ზონაში შემავალი სახელმწიფოების საზღვრები მესამე ქვეყნების მოქალაქეთათვის. ბოლოს ეს აკრძალვა 15 ივნისამდე გახანგრძლივდა. თუმცა იმ დროისთვის რიგი ქვეყნები თავად შენგენის ზონის შიდა საზღვრების გახსნის მიღწევას ეცდებიან. უკვე ცნობილია, რომ 15 ივნისისთვის ავსტრიასა და შვეიცარიასთან საზღვრების გახსნას გეგმავს გერმანია, ავსტრიასთან და სლოვაკეთთან - ჩეხეთი.

ცნობისთვის: მსოფლიოში COVID-19–მა 303 000 –ზე მეტი ადამიანი იმსხვერპლა, ინფიცირებულთა რაოდენობამ 4 340 000–ს გადააჭარბა, 1 712 000–მდე დაავადებული კი გამოჯანმრთელდა. ამ დროისთვის COVID-19–ის საწინააღმდეგო არც ვაქცინა და არც კონკრეტული პრეპარატი არ არსებობს, თუმცა ვირუსისგან განკურნება სიმპტომური მკურნალობით არის შესაძლებელი.

ბოლო მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 671 შემთხვევაა დადასტურებული, აქედან 393 ადამიანი გამოჯანმრთელებულია, ხოლო 12 პაციენტი გარდაიცვალა. გარდა ამისა, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 3 მოქალაქე.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S