“როსკომნადზორი” Google-ისგან რუსეთში კოვიდ-სიკვდილიანობის მაჩვენებლის ხელოვნური შემცირების შესახებ პუბლიკაციების ბლოკირებას მოითხოვს
15/05/2020 07:58:26 მსოფლიო
“როსკომნადზორმა” Google-ისგან მოითხოვა, დაბლოკოს საიტ "МБХ медиа"-ზე “The Financial Times”-ზე დაყრდნობით გამოქვეყნებული პუბლიკაცია რუსეთში კოვიდ-სიკვდილიანობის მაჩვენებლების ხელოვნური შემცირების თაობაზე. თავის მხრივ, კომპანიამ აცნობა "МБХ медиа"-ს ამ პუბლიკაციის საიტიდან აღების აუცილებლობის შესახებ.
როგორც “როსკომნადზორის” შეტყობინებაშია განმარტებული, უწყება მოქმედებს რუსეთის გენერალური პროკურტურის 13 მაისის გადაწყვეტილების საფუძველზე, რომლის თანახმად, ხსენებული მასალა შეიცავს "მოწოდებებს მასობრივი არეულობებისკენ, ექსტრემისტული საქმიანობის განხორციელებისკენ და დადგენილი წესის დარღვევით მასობრივ საჯარო ღონისძიებებში მონაწილეობისაკენ".
ცნობისთვის: "МБХ медиа"-ს საიტი ჰოსთინგ Google Cloud Platform-ზეა განთავსებული.
ბრიტანული “The Financial Times"-ისა და ამერიკული “The New York Times"-ის პუბლიკაციბში საუბარი იყო იმაზე, რომ მოსკოვსა და პეტერბურგში კოვიდ-სიკვდილიანობის რეალური მაჩვენებლები შესაძლოა, ოფიციალურად გამოცხადებულს 70 პროცენტით აღემატებოდეს.
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ამ პუბლიკაციებს "უსაფუძვლო სპეკულაციები" და "მორიგი სენსაციური ანტირუსული ფეიქი" უწოდა და მოითხოვა, გამოცემებმა ისინი ოფიციალურად უარყონ.
თავად “როსკომნადზორი” ამჟამად სტატიებს “რუსეთის კანონმდებლობასთან შესაბამისობისა” და “ფეიქ-ინფორმაციის გავრცელებასთან ბრძოლის” ჭრილში სწავლობს.
თავის მხრივ, მოსკოვის ადმინიტრაციამ განაცხადა, რომ კოვიდ-სიკვდილიანობის შესახებ მონაცემები ღიაა და ზუსტი. ამასთან, დედაქალაქის ჯანდაცვის დეპარტამენტში აღნიშნეს, რომ ოფიციალურ სტატისტიკაში კორონავირუსის მქონე პაციენტების გარდაცვალების შემთხვევების 60% არ მოხვდა, რადგან სიკვდილის მიზეზად სხვა დაავადებები იქცა.
15 მაისს მოსკოვის ჯანდაცვის დეპარტამენტმა გამოაცხადა, რომ 2020 წლის პირველ კვარტალში სიკვდილიანობა, გასული წლის ანალოგიური პერიოდის მონაცემთან შედარებით, 3,7 პროცენტით გაიზარდა. უმნიშვნელო სხვაობა დაფიქსირდა აპრილში, როცა გარდაცვალების 1,8 ათასი შემთხვევით მეტია აღრიცხული.
მოსკოვი რუსეთში კოვიდ-სიკვდილიანობის მაჩვენებლით პირველ ადგილზეა. ოფიციალური ინფორმაციით, სადღეისოდ დედაქალაქში კორონავირუსისგან 1358 ადამიანია გარდაცვლილი.


