
ტყემალაძე: „ქართული ღვინის საშუალო საექსპორტო ფასი ყველაზე მსხვილი ექსპორტიორების უმრავლესობის მაჩვენებელს აღემატება“
14/05/2020 15:38:44 ეკონომიკა
ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილის დავით ტყემალაძის განცხადებით, „ქართული ღვინის საშუალო საექსპორტო ფასი აღემატება ესპანეთის, აშშ-ის, ჩილეს, ავსტრალიის, პორტუგალიის, ახალი ზელანდიის, არგენტინის, გერმანიის მაჩვენებელს. ამის შესახებ ის პარტია „ლელოს“ დამფუძნებლის მამუკა ხაზარაძის პასუხად სოციალურ ქსელში წერს.
ქართული ღვინის წარმოებას და ექსპორტს უმნიშვნელოვანესი წვლილი შეაქვს ქვეყნის ეკონომიკის განვითარებაში. ბოლო წლებში მევენახეობა-მეღვინეობის დარგის მიმართულებით სწორი სახელმწიფო და დარგობრივი პოლიტიკის შედეგად გაშენდა ახალი ვენახები, ფუნქციონირებს ასობით ღვინის საწარმო, მათ შორის ბევრი ახალი, რეკორდულად გაიზარდა ღვინის ექსპორტისა და ყურძნის მოსავლის რაოდენობა. ქართული ღვინო იყიდება ისეთ ქვეყნებში, სადაც რამდენიმე წლის წინ არა თუ ექსპორტი იყო დასაშვები, არამედ ქართულ ღვინოს საერთოდ არ იცნობდნენ. სამწუხაროდ, ერთ-ერთმა პოლიტიკოსმა ქართული ღვინის საშუალო საექსპორტო ფასს „სამარცხვინო“ უწოდა და ვითარება წარმოაჩინა ისე, თითქოს წარმატებულ მეღვინეობის ქვეყნებში ღვინის საშუალო საექსპორტო ფასი ძვირადღირებული ღვინოების შესაბამისია. ამ განცხადების მიზანია ნიჰილიზმის დათესვა საზოგადოებაში, მაგრამ ეს განცხადება ამჯერად მეტისმეტად უსუსური ტყუილი და აცდენილია ფაქტებს. რეალურად: ქართული ღვინის საშუალო საექსპორტო ფასი წონის ერთეულზე 2019 წელს 3 დოლარს 18 ცენტს შეადგენს (3.18$). ქართული ღვინის საშუალო საექსპორტო ფასი აღემატება მაგალითად ესპანეთის, აშშ-ს, ჩილეს, ავსტრალიის, პორტუგალიის, ახალი ზელანდიის, არგენტინის, გერმანიის, ანუ _ ყველაზე მსხვილი ექსპორტიორების უმრავლესობის მაჩვენებელს, ამასთან_18 ცენტით ჩამორჩება იტალიის საშუალო საექსპორტო ფასს და მხოლოდ 4 დოლარით 19 ცენტით ჩამორჩება ფრანგული ღვინის საშუალო ღირებულებას. შედარებისათვის: ფრანგული ღვინის საექსპორტო ფასი 7 დოლარი და 36 ცენტია(7.36$) იტალიური ღვინის - 3.36$ ესპანეთი - 1.39$ ავსტრალია-2.74$ ჩილე-1.62$ აშშ-3.9$ ახალი ზელანდია - 3.09$ გერმანია-3.03$ პორტუგალია- 3.09$ არგენტინა -2.6$ სამხრეთ აფრიკა- 1.6$ ნიდერლანდები- 5.78$ ავსტრია- 3.43$ საქართველო - 3.18$“,– წერს სოციალურ ქსელში ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილე.
ცნობისთვის: დღეს, 14 მაისს პოლიტიკური გაერთიანება "ლელო საქართველოსთვის" დამფუძნებლის მამუკა ხაზარაძემ განაცხადა, რომ იმ ღვინის ფასი, რომელიც საქართველოდან ექსპორტზე გადის, სამარცხვინოა:
"დღეს საქართველოდან ღვინო გადის დაახლოებით 100 მილიონი ბოთლი. მისი საშუალო ფასი არის 2 დოლარი და 30 ცენტი. ეს არის სამარცხვინო ფასი ღვინისთვის. იმიტომაა, რომ ჩვენი ღვინის მრეწველობა არ ვითარდება და იმიტომ არის, რომ ფერმერს, გლეხკაცს, რომელსაც მთელი წლის განმავლობაში უზარმაზარი შრომა აქვს გაწეული, საბოლოო ჯამში ხვდება ის თეთრები, რომელიც ამ ვალუტის დევალვაციის ფონზე კიდევ უფრო არაფერს წარმოადგენს. შესაბამისად, ჩვენი ამოცანა იქნება რომ ღვინის ფასი გაიზარდოს, საშუალო ფასი, ხარისხი გაიზარდოს და ერთხელ და სამუდამოდ, საქართველო შევიდეს მსოფლიო ღვინის მაღალი კატეგორიის სეგმენტში".