
მთავრობა: 20-ზე მეტი საერთაშორისო ავიაკომპანია მზადაა, საქართველოში ფრენა 1 ივლისიდან აღადგინოს
14/05/2020 13:10:11 ეკონომიკა
20-ზე მეტმა საერთაშორისო ავიაკომპანიამ მზადყოფნა გამოთქვა, საქართველოში ფრენა პირველი ივლისიდან, ეტაპობრივად აღადგინოს,– ამის შესახებ საქართველოს პრემიერ–მინისტრის პრეს–სამსახური იუწყება.
მისივე ცნობით, დღეს, 14 მაისს მთავრობის ადმინისტრაციაში ტურიზმის ამოქმედებასთან დაკავშირებულ დეტალებზე იმსჯელეს. განხილვის მთავარი თემები იყო კრიზისი, როგორც შესაძლებლობა პანდემიით ყველაზე დაზარალებული სექტორის – ტურიზმის ამოქმედებისთვის, ასევე უსაფრთხო დერეფნებსა და საერთაშორისო ფრენების აღდგენაზე პარტნიორებთან მიმდინარე მოლაპარაკებები.
მთავრობაში აცხადებენ, რომ უსაფრთხო დერეფნების შექმნაზე მოლაპარაკებები აქტიურ ფაზაშია ისრაელთან, ავსტრიასთან, ჩეხეთთან, უნგრეთთან, პოლონეთთან, ბალტიის ქვეყნებთან. და როგორც დღეს პრემიერ–მინისტრმა აღნიშნა, მეზობელ ქვეყნებთან.
„მთავრობის მეთაური მიიჩნევს, რომ ამის ერთ-ერთი ყველაზე კარგი მაგალითია ტურიზმი და საქართველო უნდა იყოს ერთ-ერთი პირველი ქვეყანა, რომელიც შეძლებს ტურიზმის გახსნას, ამუშავებას და საერთაშორისო ვიზიტორების მიღებას ისე, რომ მაქსიმალურად გაუფრთხილდეს როგორც საკუთარი მოქალაქეების, ისე სტუმრების ჯანმრთელობას და უზრუნველყოს უსაფრთხოების იმ წესების ზედმიწევნით დაცვა, რომლებიც მსოფლიო მასშტაბის პანდემიის ფონზე კრიტიკულად მნიშვნელოვანია“, – აღნიშნულია პრემიერის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.