იტალიაში მომუშავე არალეგალ მიგრანტებს დროებით ქვეყანაში ცხოვრებისა და მუშაობის უფლებას მისცემენ
14/05/2020 11:29:49 მსოფლიო
იტალიაში მომუშავე არალეგალ მიგრანტებს დროებით ქვეყანაში ცხოვრების და მუშაობის უფლებას მისცემენ, - იუწყება AFP.
საქმე ეხება იმ მიგრანტებს, რომლებიც სოფლის მეურნეობის სფეროში არიან დასაქმებულნი ან სახლში დამხმარეებად მუშაობენ.
„მიგრანტი მუშახელისთვის გარანტირებული იქნება ჯანდაცვა ადეკვატურ დონეზე. გარდა ამისა, მთავრობის შესაბამისი ბრძანებულება მათთვის საცხოვრებლით უზრუნველყოფას გულისხმობს", – განაცხადა იტალიის პრემიერ–მინისტრმა ჯუზეპე კონტემ.
ახალი კანონი უცხო ქვეყნის იმ მოქალაქეებს, რომლებიც იტალიაში 2020 წლის 8 მარტამდე ჩავიდნენ, უფლებას მისცემს, მოითხოვონ ქვეყანაში 6 თვით ლეგალურად ცხოვრებისა და მუშაობის უფლება. ამ უფლების მისაღებად უცხო ქვეყნის მოქალქეებმა უნდა შეძლონ, დაამტკიცონ, რომ სოფლის მეურნეობის სფეროში ან სახლში დამხმარედ მუშაობის გამოცდილება აქვთ. შესაბამისი დოკუმენტების შევსება მათ 1 ივნისიდან 15 ივლისამდე შეეძლებათ.
პანდემიამ იტალიის ეკონომიკას მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენა და სადღეისოდ ქვეყანა სოფლის მეურნეობის მოსავლის 25%-ის დაკარგვის საფრთხის წინაშეა.


