
"პოსტკოვიდ პერიოდში კიდევ უფრო მეტი დატვირთვა ეძლევა ანაკლიის პორტს, მაგრამ არ გვაქვს საფუძველი, მერვეჯერ ვენდოთ კონსორციუმს, ეს საკითხი დახურულია"
14/05/2020 08:20:17 ეკონომიკა
"პოსტკოვიდ პერიოდში კიდევ უფრო მეტი დატვირთვა ეძლევა ანაკლიის პორტს, მაგრამ არ გვაქვს ამ წუთში საფუძველი, მერვეჯერ ვენდოთ ანაკლიის განვითარების კონსორციუმს, ეს საკითხი დახურულია", – ამის შესახებ საქართველოს ეკონომიკის მინისტრმა განაცხადა.
"პოსტკრიზისულ პერიოდში ჩვენი საინვესტიციო პოლიტიკა იქნება აწყობილი იმაზე, რომ მეტი პირდაპირი უცხოური ინვესტიცია მოვიზიდოთ, გამომდინარე იქიდან, რომ ბევრი გლობალური კომპანია ახლა ცვლის თავის წარმოების ლოკაციებს, ხდება წარმოების გადატანა ტრადიციული ინდუსტრიული ჰაბებიდან. ჩვენ გვაქვს შესაძლებლობა, რომ მათთვის ნომერ პირველი არჩევანი ვიყოთ და ჩვენთან გადმოვატანინით წარმოებები. ამ თვალსაზრისით საქართველოს მიმზიდველობა ბევრ სხვა ფაქტორთან ერთად განპირობებულია იმით, რომ ჩვენ ვართ სწორი გეოპოლიტიკური მდებარეობის ქვეყანა, შავ ზღვაზე გვაქვს გასასვლელი და განვითარებული საპორტო ინფრასტრუქტურა არის ერთ-ერთი ჩვენი კონკურენტული უპირატესობა. აქედან გამომდინარე პოსტ-კოვიდ პერიოდში კიდევ უფრო მეტი დატვირთვა ეძლევა როგორც ფოთის პორტს, ასევე ანაკლიის პორტს. ჩვენ როგორც კი საშუალება მოგვეცემა ტენდერს გავმართავთ, ამაზე ვმუშაობთ. პირველივე შესაძლებლობისთანავე ჩვენ განვაახლებთ მუშაობას საფინანსო ინსტიტუტებთან. კონსორციუმს ჰქონდა მრავალი წლის მანძილზე ძალიან კარგი შანსი და ჩვენი მხარდაჭერა იმისთვის, რომ დადგენილ ვადებში ეს პროექტი დაეწყო და დაესრულებინა. ჩვენ არ გვაქვს ამ წუთში საფუძველი, რომ მერვეჯერ ვენდოთ კონსორციუმს. ეს საკითხი დახურულია", - განაცხადა ნათია თურნავამ.