Accentnews.ge
ეპიდემია ესპანეთში: კარანტინიდან დეფოლტამდე

ეპიდემია ესპანეთში: კარანტინიდან დეფოლტამდე

13/05/2020 13:03:46 მსოფლიო

ესპანეთში – კორონავირუსისგან ერთ-ერთ ყველაზე დაზარალებულ ევროპულ ქვეყანაში, სადაც თითქმის 27 ათასი ადამიანი გარდაიცვალა, ეპიდემია, ხელისუფლების ოფიციალური აზრით, უკან იხევს. ახლა ხელისუფლებაც და საზოგადოებაც მსჯელობენ, როგორ აღადგინონ ეკონომიკა, ინდუსტრია და ფინანსური სფერო, რომლებიც საერთო ეროვნული კარანტინის გამო ძალზე რთულ ვითარებაში აღმოჩნდნენ.

მსგავს საბრალობელ მდგომარეობაში ესპანეთი, პოპულარულ ეკონომისტ და პუბლიცისტ რობერტო სენტენოს შეფასებით, გასული საუკუნის 30-იანი წლების სამოქალაქო ომის პერიოდიდან არ ყოფილა. ქვეყანაში ჯერ კიდევ არ არის დაძლეული 12 წლის წინანდელი მსოფლიო კრიზისის შედეგები. ბოლო წლებში ეკონომიკური სტაგნაცია პოლიტიკურ არასტაბილურობას უწყობდა ხელს. ამავე დროს მემარცხენე კოალიციურმა მთავრობამ, რომელიც მხოლოდ მიმდინარე წლის იანვარში ჩამოყალიბდა, უშუალოდ ეპიდემიის დაწყებამდე იჩქარა, მიეღო რიგი ზომები, რომელმაც მწირი ბიუჯეტიდან გადახდები გაზარდა ქვეყნის საგარეო ვალთან ერთად. მნიშვნელოვნად გაიზარდა ისედაც გაბერილი და ძვირადღირებული სახელმწიფო ადმინისტრაციული აპარატი, მკვეთრად გაიზარდა მინიმალური ხელფასი. პირდაპირ ამის შემდეგ დაწყებულმა ეპიდემიამ, რომლის გამოც აუცილებელი გახდა ეკონომიკის ყველა დარგის გაჩერება, ჯანდაცვის ხარჯების გაზრდა და მილიონობით უმუშევრისთვის შემწეობების გაცემა, სახელმწიფო ხაზინა ფაქტობრივად დააცარიელა.

თუმცა სამთავრობო შემწეობები ყველა ესპანელს როდი ერგო. მაგალითად, თვითდასაქმებულთა უმრავლესობას – ასეთი კი ესპანეთში ასობით ათასია – ამ დრომდე არაფერი მიუღია. ბევრ ესპანელს დღეს არც პროდუქტის შეძენა შეუძლია, არც კომუნალური გადასახადების გადახდა. პირველად მრავალი ათწლეულის განმავლობაში საეკლესიო ეპარქიებში ყოველდღიურად მრავალსაათიანი რიგები დგება უფასო პროდუქტის მისაღებად: ვიღაცას ბრინჯის ან ოსპის შეკვრა ერგება, ვიღაცას - ზეთი, პური, მაკარონი...

რობერტო სენტენოს განცხადებით, ესპანეთს სადღეისოდ ეკონომიკის აღსადგენად რესურსები ფაქტობრივად არ გააჩნია:

"ეს ყველაფერი ასობით საწარმოს გაბანკროტებას მოასწავებს. უმუშევრობამ შესაძლოა, 36%-იან ნიშნულს მიაღწიოს. ყველაზე მეტად დაზარალდა ისეთი დარგები, როგორიცაა ტურიზმი, მანქანათმშენებლობა, ვაჭრობა და მშენებლობა. ტურიზმი ბოლო დრომდე ჩვენი ქვეყნისთვის ძირითად დარგს წარმოადგენდა და მშპ-ის 15%-ს ავსებდა. წინასწარი მონაცემებით, წელს ეს დარგი შემოსავლების 82%-ს დაკარგავს. ყველაზე დიდი პრობლემა კი იმაში მდგომარეობს, რომ მომავალ წელს, ყველა პროგნოზით, ესპანეთი საგარეო ვალების ფარვას ვეღარ შეძლებს და იძულებული გახდება, ითხოვოს ევროკავშირისა და საერთაშორისო სავალუტო ფონდის დახმარება. ამავდროულად მოგვიწევს ხისტი ეკონომიკის რეჟიმის შემოღება: პენსიების 40%-ით და მინიმალური ხელფასის 35%-ით შემცირება".

ესპანური საკურორტო ალმერიის დაცარიელებული ქუჩები. 2020 წლის მაისი

პროგნოზს მომავალ წელს ესპანეთში გარდაუვალი დეფოლტის შესახებ იზიარებს არაერთი მსოფლიო სარეიტინგო სააგენტოც. თუმცა მთავრობა ჯერ-ჯერობით ოპტიმისტურადაა განწყობილი. მან კარანტინიდან საფეხურებრივი გამოსვლის პროგრამა შეიმუშავა, რომელიც საწარმოების დაუყოვნებლივ ამოქმედებას ითვალისწინებს. მაგალითად, სარესტორნე-სასტუმრო სფეროს 11 მაისიდან ამოქმედების ნება დართეს. თუმცა იმის გამო, რომ ეპიდემია ჯერ კიდევ გრძელდება, ამ ეტაპზე ნებადართულია მხოლოდ ღია ტიპის – საზაფხულო რესტორებისა და კაფეების ამუშავება და ამასთანავე, თავისუფალი ადგილების მხოლოდ მესამედის შევსება. გარდა ამისა, პერსონალის შემცირების უფლება არც სასტუმროებს აქვთ, არც კაფე-რესტორნებს.

მსგავსმა განკარგულებებმა სამეწარმეო წრეებში აღშფოთება გამოიწვია: ეს ჩვენი გაკოტრებისკენ პირდაპირი გზააო. როგორ შეიძლება სასტუმროების გახსნა, თუ ტურისტები არ გვყავს და უახლოეს ხანებში არც ველით? - ქვეყნის გარე საზღვრები ხომ კვლავინდებურად ჩაკეტილია, ისევე, როგორც შიდა საზღვრები ესპანეთის რეგიონებს შორის... რაც შეეხება რესტორნებს, როგორც მეწარმეები ამბობენ, ზემოაღნიშნული პირობებით მუშაობის შემთხვევაში მათი შემოსავლები მხოლოდ ელექტროენერგიის ხარჯების დაფარვას ეყოფა. ასე, რომ მეწარმეები ხელისუფლებისგან მოითხოვენ, განაგრძოს შემწეობების გადახდა უმუშევრად დარჩენილი პერსონალისთვის და იზრუნოს კრედიტებზე მათთვის, ვინც თავისი დაწესებულების გახსნას მაინც გარისკავს.

"ხელისუფლების გადაწყვეტილება არაადექვატურად გვეჩვენება. ჩვენ კარანტინიდან გამოსვლის მსგავს განრიგს არ ვეთანხმებით, ჩვენთვის ის სრულიად მიუღებელია. სამი მაგიდის შესავსებად ვერც ერთი რესტორანი ვერ გაიხსნება. არაფერს ამბობს მთავრობა ჯერ-ჯერობით ჩვენს მოთხოვნაზეც კრედიტების გამოყოფის შესახებ, არადა, მათ გარეშე მუშაობის განახლება შეუძლებელია. ასე, რომ მთავრობის განკარგულებები არ მოგვწონს" – ამბობს ესპანეთის სარესტორნე-სასტუმრო ბიზნესის წარმომადგენელთა კავშირის აღმასრუებელი კომიტეტის წევრი რაფაელ ანდრესი.

მადრიდის პრადოს მუზეუმის წინამდებარე დაცარიელებული მოედანი. 2020 წლის აპრილი

ანტიკრიზისულ სამთავრობო გეგმას ეწინააღმდეგება ოპოზიციაც. ლიბერალებიცა და კონსერვატორებიც, ბიზნესის კვალდაკვალ, განსაკუთრებულ შეშფოთებას გამოთქვამენ ვიცე-პრემიერის, ულტრამემარჯვენე პოპულისტური პარტია “პოდემოსის” ლიდერ პაბლო იგლესიასის მოთხოვნის გამო ყველა კერძო საწარმოსთვის გადასახადების კიდევ უფრო მეტად გაზრდის, ზოგიერთი მათგანის ნაციონლიზაციის და, რაც მთავარია, ესპანელების საბანკო დანაზოგების კონფისკაციის შესახებ.

ოპოზიციის აზრით, მსგავსი ზომები ქვეყანას კატასტროფამდე მიიყვანს. ამასთან დაკავშირებით იგი როგორც თავად ესპანეთის, ისე საბაზრო ეკონომიკის მქონე სხვა ქვეყნების უკვე არსებული გამოცდილების გამოყენების ინიციატივით გამოდის. საუბარია წარმოების ზრდისა და სამუშაო ადგილების შექმნის ხელშეწყობაზე – კრიზისულ დარგებში გადასახადების დროებით შეჩერება/გაუქმებაზე, მცირე და საშუალო მეწარმეებისთვის საკრედიტო შეღავათების შემოღებაზე, მით უფრო, რომ სწორედ ეს უკანასკნელები უზრუნველყოფენ ტრადიციულად ესპანელთა უმრავლესობის დასაქმებას. ამავდროულად გაიჟღერა საბიუჯეტო ხარჯების შემცირების, მაგალითად, ბიუროკრატიული აპარატის გაბერვის, ასევე მრავალრიცხოვანი პარტიების, პროფკავშირებისა და საზოგადოებრივი ორგანიზაციების დაფინანსების დროებითი შემცირების რეკომენდაციამ.

ესპანეთის პარლამენტის ქვედა პალატა მადრიდში

ოპოზიცია მოითხოვს ასევე მარტის შუა რიცხვებიდან შემოღებული საგანგებო მდგომარეობის სასწრაფოდ გაუქმებას და აცხადებს, რომ იგი არა იმდენად ესპანელების თვითიზოლაციას, რამდენადაც სამთავრობო გადაწყვეტილებების პარლამენტის კონტროლის გარეშე მიღებას ემსახურება. ოპოზიციის ლიდერმა პაბლო კასადომ მთავრობის თავმჯდომარეს პედრო სანჩესს შემდეგი ბრალდებებით მიმართა:

"თქვენ სამომავლოდაც ისურვებდით ქვეყნის მართვას არა კანონმდებლობაზე, არამედ საკუთარ განკარგულებებზე დაყრდნობით. ეს ჩვენი დემოკრატიის ძირითად დებულებებს არღვევს. თქვენ გამოიყენეთ საგანგებო მდგომარეობა პარლამენტისა და მედიის მხრიდან თქვენი მოქმედების კონტროლის შესაზღუდავად. ახლა ცდილობთ, სამართალდამცველი ორგანოების გამოყენებით შეზღუდოთ კრიტიკა სოცქსელებში. სამთავრობო საკადრო გადაწყვეტილებებსაც საიდუმლოდ, შესაბამისი კონკურსების ჩატარებუს გარეშე იღებთ. ამ დარღვევით, სხვათა შორის, უკვე მოსამართლეებიც დაკავდნენ".

წყარო: "რადიო თავისუფლება"

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S