ABC News – ტრამპის საარჩევნო შტაბის ყოფილი უფროსი პოლ მანაფორტი ციხიდან გაათავისუფლეს
13/05/2020 12:45:23 მსოფლიო
დონალდ ტრამპის საარჩევნო შტაბის ყოფილი უფროსი პოლ მანაფორტი ციხიდან გაათავისუფლეს, – იუწყება ABC News.
მისივე ცნობით, მანაფორტის გათავისუფლება პანდემიის გამო მოხდა და იგი ვირჯინიაში, საკუთარ სახლში შინაპატიმრობაში იქნება.
დონალდ ტრამპის საარჩევნო შტაბის ყოფილი უფროსი 2018 წლის ივნისში დააკავეს. 2019 წლის მარტში იგი დამნაშავედ ცნეს აშშ-ის წინააღმდეგ გარიგებაში და უკრაინის ყოფილი პრეზიდენტის ვიქტორ იანუკოვიჩის ინტერესების უკანონოდ ლობირებაში. მანაფორტის ბრალდების პუნქტებს შორისაა სპეცპროკურორ რობერტ მიულერისთვის ყალბი ჩვენების მიცემა და მოწმეების დაშინება აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში რუსეთის ჩარევის საქმესთან დაკავშირებით.
ხსენებულ ბრალდებებამდე ვირჯინიის სასამართლომ მანაფორტს მიუსაჯა თითქმის ოთხი წლით პატიმრობა საფინანსო და საგადასახადო დანაშაულებების გამო, რომლებიც მან უკრაინაში პოლიტიკურ კონსულტანტად ყოფნისას ჩაიდინა. შემოსავლების უკანონო სქემები გაიხსნა სპეცპროკურორ მიულერის მიერ წარმოებული გამოძიების პროცესში. მანაფორტმა დანაშაული აღიარა.


