16 მაისიდან გერმანია ევროკავშირის რიგ ქვეყნებთან საზღვრების გახსნას იწყებს
13/05/2020 11:25:47 მსოფლიო
16 მაისიდან გერმანია ევროკავშირის წევრ რიგ ქვეყნებთან საზღვრების გახსნას იწყებს.
ქვეყნის შინაგან საქმეთა მინისტრ ჰორსთ შიჰოფერის განცხადებით, 16 მაისს საზღვარი საფრანგეთთან, ავსტრიასა და შვეიცარიასთან გაიხსნება, თუმცა გამშვები პუნქტები მაინც იფუნქციონირებს.
"აღნიშნული გადაწყვეტილება გადაიხედება იმ შემთხვევაში, თუ ქვეყანაში ჯანდაცვის კუთხით მდგომარეობა გაუარესდება", – განაცხადა მინისტრმა.
მისივე თქმით, 16 მაისს საზღვარი ლუქსემბურგთანაც გაიხსნება, აქ მიმოსვლა სრულად აღდგება ყოველგვარი შეზღუდვების გარეშე.
ცნობისთვის: გერმანიამ პანდემიის გამო საზღვრები მარტის შუა რიცხვებში ჩაკეტა. მას შემდეგ რაც ქვეყანამ შეზღუდვების შემსუბუქება დაიწყო, Covid-19-ის ახალმა შემთხვევებმა იმატა, თუმცა სპეციალისტების განცხადებით, ამ ეტაპზე ეს ზრდა საგანგაშო არ არის.


