300-ზე მეტი კანონმდებელი უღატაკესი ქვეყნებისთვის ვალების ჩამოწერას ითხოვს
13/05/2020 10:59:45 მსოფლიო
მსოფლიოს 300-ზე მეტმა კანონმდებელმა საერთაშორისო სავალუტო ფონდს და მსოფლიო ბანკს მოუწოდა, პანდემიის პირობებში ვალების ჩამოწერითა და დაფინანსების გაძლიერებით ყველაზე ღატაკ ქვეყნებს დაეხმარონ.
როგორც ოცამდე ქვეყნის კანონმდებლები აღნიშნავენ, ღარიბი ქვეყნების საკრედიტო ვალდებულებები დაუყოვნებლივ უნდა გაუქმდეს, როგორც ამაზე აპრილში „დიდი ოცეულის“ ქვეყნები შეთანხმდნენ.
ინიციატივა, რომელსაც სათავეში უდგანან აშშ-ის საპრეზიდენტო კანდიდატობის ყოფილი პრეტენდენტი, დემოკრატი ბერნი სანდერსი და დემოკრატი კონგრესმენი მინესოტის შტატიდან, ილჰამ ომარი, გაჩნდა მზარდი შეშფოთების ფონზე, რომ პანდემიის გამო განვითარებადი ქვეყნები და ახალი ინდუსტრიების ეკონომიკები „გაისრისებიან“.
„უღატაკესი ქვეყნების ვალების ჩამოწერა არის მინიმუმი, რაც უნდა გააკეთონ მსოფლიო ბანკმა, საერთაშორისო სავალუტო ფონდმა და სხვა საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებმა, რათა თავიდან იქნეს აცილებული სიღატაკის, შიმშილისა და დაავადების წარმოუდგენელი ზრდა, რაც ასობით მილიონ ადამიანს ემუქრება“,– განაცხადა სანდერსმა.
ამასთან, კანონმდებლები მიესალმნენ საერთაშორისო სავალუტო ფონდის გადაწყვეტილებას, 6 თვით დაფაროს მსოფლიოს უღარიბესი ქვეყნების საკრედიტო ვალდებულებები, თუმცა აღნიშნეს, რომ მეტი ძალისხმევაა საჭირო.


