პუტინის პრეს–სპიკერს კორონავირუსი დაუდასტურდა
12/05/2020 12:27:32 მსოფლიო
რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის პრეს–სპიკერ დიმიტრი პესკოვს ახალი კორონავირუსი დაუდასტურდა, – იუწყება სააგენტო "ტასი".
მისივე ცნობით, რუსეთმა კოვიდ-ინფიცირებულთა რაოდენობით ესპანეთს გადაუსწრო და მსოფლიოში მეორე ადგილზე აინაცვლა.
კოვიდ-ინფიცირებულთა რაოდენობა ქვეყანაში, ოპერატიული შტაბის ბოლო მონაცემებით, 232 243-ს აღწევს. ესპანეთში კი ეს მაჩვენებელი 227 436-ს შეადგენს.
ცნობისთვის: მსოფლიოში COVID-19–მა 287 000 –ზე მეტი ადამიანი იმსხვერპლა, ინფიცირებულთა რაოდენობამ 4 250 000–ს გადააჭარბა, 1 528 000–მდე დაავადებული კი გამოჯანმრთელდა. ამ დროისთვის COVID-19–ის საწინააღმდეგო არც ვაქცინა და არც კონკრეტული პრეპარატი არ არსებობს, თუმცა ვირუსისგან განკურნება სიმპტომური მკურნალობით არის შესაძლებელი.
ბოლო მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 639 შემთხვევაა დადასტურებული, აქედან 349 გამოჯანმრთელებულია, ხოლო 11 გარდაიცვალა. გარდა ამისა, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 3 მოქალაქე.


