შეზღუდვების შემსუბუქების შემდეგ სამხრეთ კორეაში ახალი ე.წ. კლასტერი გაჩნდა
12/05/2020 08:50:31 მსოფლიო
შეზღუდვების შემსუბუქების შემდეგ სამხრეთ კორეაში ახალი ე.წ. კლასტერი გაჩნდა. სეულის ღამის კლუბებში 100-მდე კოვიდ–ინფიცირებული გამოვლინდა. აღნიშნულის გამო ქვეყანაში სკოლების გახსნის თარიღი გადაიდო.
ახალი ე.წ. კლასტერის გაჩენამდე კორეაში ეპიდემია შეჩერებულად მიიჩნეოდა, რადგან გარკვეული პერიოდის განმავლობაში ქვეყანაში ახალი შემთხვევა არ ფიქსირდებოდა.
ბოლო ოფიციალური მონაცემებით, სამხრეთ კორეაში ახალი კორონავირუსის 10 936 შემთხვევა დადასტურდა, გამოჯანმრთელებულია 9 670 ადამიანი, 258 კი გარდაიცვალა.
ცნობისთვის: მსოფლიოში COVID-19–მა 287 000 –ზე მეტი ადამიანი იმსხვერპლა, ინფიცირებულთა რაოდენობამ 4 250 000–ს გადააჭარბა, 1 528 000–მდე დაავადებული კი გამოჯანმრთელდა. ამ დროისთვის COVID-19–ის საწინააღმდეგო არც ვაქცინა და არც კონკრეტული პრეპარატი არ არსებობს, თუმცა ვირუსისგან განკურნება სიმპტომური მკურნალობით არის შესაძლებელი.
ბოლო მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 639 შემთხვევაა დადასტურებული, აქედან 349 გამოჯანმრთელებულია, ხოლო 11 გარდაიცვალა. გარდა ამისა, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 3 მოქალაქე.


