საფრანგეთის ექს-პრეზიდენტ ვალერი ჟისკარ დ’ესტენს სექსუალურ შევიწროებაში ადანაშაულებენ
12/05/2020 08:06:43 მსოფლიო
გერმანულ ტელეარხ WDR-ის ჟურნალისტი ანნა-კატრინ შტრაკე საფრანგეთის ექს-პრეზიდენტ ვალერი ჟისკარ დ’ესტენს სექსუალურ შევიწროებაში სდებს ბრალს, - იუწყება “France-Presse” პარიზის პროკურატურაზე დაყრდნობით.
«მოხარული ვარ, რომ სამინისტრომ ჩემი საჩივარი მიიღო. ექს-პრეზიდენტის ამ ქმედების შესახებ ყველამ უნდა შეიტყოს” – განუცხადა “France-Presse”-ს თავად შტრაკემ.
ჟურნალისტის მტკიცებით, 2018 წლის 18 დეკემბერს იგი გადამღებ ჯგუფთან ერთად ექს-პრეზიდენტის პარიზის ბიუროს ეწვია, რათა გერმანიის ყოფილ კანცლერ ჰელმუტ კოლის მე-100 წლისთავთან დაკავშირებით ინტერვიუ აეღო. ინტერვიუს ბოლოს შტრაკემ ექს-პრეზიდენტს ერთობლივი ფოტოების გადაღება სთხოვა. როგორც ჟურნალისტი ირწმუნება, ამ პროცესში ექს-პრეზიდენტი მას არა მარტო მოეხვია, არამედ საჯდომზეც დაადო ხელი და ეს ქმედება მოგვიანებით კიდევ ორგზის – საარქივო ფოტოების ჩვენებისას გაიმეორა.
საფრანგეთის ექს-პრეზიდენტის, რესპუბლიკის საკონსტიტუციო საბჭოს წევრის, ამჟამად 94 წლის ვალერი ჟისკარ დ’ესტენის ქმედებებს კერძო პირთა მიმართ ჩადენილი დანაშაულების შემსწავლელი სპეციალური ბრიგადა (BRDP) გამოიძიებს,- იუწყება "საერთაშორისო ფრანგული რადიო".
ჟისკარ დ’ესტენის ადვოკატმა ამ ინფორმაციის კომენტირებაზე უარი განაცხადა.


