Amnesty International-მა რუსეთი სირიაში სამხედრო დანაშაულების ჩადენაში დაადანაშაულა
11/05/2020 15:15:28 მსოფლიო
უფლებადამცველი ორგანიზაცია “Amnesty International” სირიის ხელისუფლებასა და მის მფარველ რუსეთს სირიის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში ჰუმანიტარული ობიექტების მიზანმიმართულ დაბომბაში ადანაშაულებს, რაც სამხედრო დანაშაულად შეიძლება, ჩაითვალოს.
Amnesty International-ის მოხსენებაში საუბარია 2019 წლის მაისიდან 2020 წლის თებერვლის ჩათვლით იდლიბის პროვინციაში განხორციელებული საარტილერიო და საჰაერო დარტყმების 18 დოკუმენტირებულ შემთხვევაზე.
ცნობისთვის: იდლიბი ერთადერთი ტერიტორიაა მდინარე ევფრატის დასავლეთით, რომელიც პრეზიდენტ ასადის არმიასთან მებრძოლი სირიის შეიარაღებული ოპოზიციის კონტროლქვეშ იმყოფება.
მოხსენების თანახმად, დაბომბვების შედეგად დაინგრა სკოლები და სამედიცინო დაწესებულებები. დოკუმენტში მოყვანილი 18 შემთხვევიდან სულ მცირე, 7 რუსული ავიაციის მოქმედებას უკავშირდება. საუბარია, მაგალითად, 2020 წლის იანვარში ქალაქ არიხაში საავადმყოფოს დაბომბაზე, რომლის შედეგად 11 ადამიანი დაიღუპა.
უფლებადამცველებმა სამოქალაქო ობიექტების დაბომბვა შეაფასეს საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის დარღვევად, რომელიც შეიძლება, სამხედრო დანაშაულოდ იქნას განხილული.
სამოქალაქო ობიექტების მრავალრიცხოვანი დაბომბვისა და მშვიდობიანი მოქალაქეების დაღუპვის შესახებ იუწყებიან იდლიბში მომუშავე ჟურნალისტები და ორგანიზაცია “თეთრი ჩაფხუტების” წარმომადგენლებიც.
რუსეთის საგარეო საქმეთა და თავდაცვის საინისტროებში სამოქალაქო ობიექტების დაბომბვის ბრალდებებს უარყოფენ, "თეთრ ჩაფხუტებს" კი ტერორისტებთან თანამშრომლოსა და ინსცენირებაში ადანაშაულებენ.
უფლებადამცველებმა ოფიციალური დამასკო დაადანაშაულეს მშვიდობიან მოსახლეობაზე დარტყმების მიზანმიმართულ განხორციელებაში იმ მიზნით, რომ მას იდლიბის დატოვება აიძულონ. გაერო-ს მონაცემებით, ასობით ათასმა ადამიანმა წლის დასაწყისში სამთავრობო ძალების შეტევების შედეგად სახლები დატოვა.
რუსეთს Amnesty-ს მოხსენებასთან დაკავშირებით კომენტარი ჯერ არ გაუკეთებია. მანამდე მოსკოვი ყველა ბრალდებას უარყოფდა და ირწმუნებოდა, რომ რუსეთის არმია სირიაში მხოლოდ ტერორისტებს ბომბავდა.
მარტის დასაწყისიდან იდლიბში ზავი მოქმედებს, რომელზეც რუსეთისა და თურქეთის პრეზიდენტები შეთანხმდნენ. თურქეთმა ასადის არმიის მიერ არაკონტროლირებად რაიონებში საკუთარი კონტინგენტი შეიყვანა.


