Accentnews.ge
ჩეხურმა მედიამ დაასახელა რუსი დიპლომატი, რომელსაც შეეძლო, პრაღაში საწამლავი ჩაეტანა

ჩეხურმა მედიამ დაასახელა რუსი დიპლომატი, რომელსაც შეეძლო, პრაღაში საწამლავი ჩაეტანა

11/05/2020 10:04:58 მსოფლიო

ჩეხურმა მედიამ იმ სავარაუდო რუსი დიპლომატის ვინაობა დაასახელა, რომელსაც შეეძლო, პრაღაში მომწამლველი ნივთიერებები ჩაეტანა.

მედიის ცნობით, ქვეყნის სპეცსამსახურებს ეჭვი აქვთ, რომ რიცინის მეშვეობით ეს პირი მუნიციპალური პოლიტიკოსების მოწამლვას გეგმავდა. კვირას საღამოს ჩეხური ტელევიზიით გადაცემულ რეპორტაჟში აღინიშნა, რომ "კვალს ანდრეი კონჩაკოვამდე მივყავართ", რომელიც პრაღაში რუსული სტრუქტურის – “როსსოტრუდნიჩესტვოს” წარმომადგენლობას ხელმძღვანელობს.

მედიის ცნობით, დიპლომატი პრაღაში 14 მარტს ჩაფრინდა – ჯერ კიდევ კორონავირუსის გამო მოსკოვთან ფრენების გაუქმებამდე – და საწამლავი ჩაიტანა ჩემოდნით, რომელიც, საერთაშორისო პრაქტიკის თანახმად, არ მოწმდება. მანამდე სავარაუდო “რიცინიანი ადამიანის” ვინაობა ჩეხურმა საიტმა Seznam Zprávy დაასახელა.

მის მიერ გამოქვეყნებულ მასალაში საუბარი იყო "ანდრეი ვლადიმირის ძე კ."-ზე – 34 წლის დიპლომატზე, რომელიც პრაღაში ერთ-ერთი რუსული სტრუქტურის წარმომადგენლობას ხელმძღვანელობს. Seznam-მა მას ინტერვიუც ჩამოართვა. რუსეთის წარმომადგენელმა პრაღაში საწამლავის ჩატანა უარყო და განაცხადა, რომ მის ჩემოდანში კანფეტები და დეზინფექციის საშუალებები იყო. ამასთან, მან აღნიშნა, რომ ოფიციალური განცხადების გაკეთება მხოლოდ მოსკოვის თანხმობით შეუძლია. ორშაბათს დილით კი Seznam-მა თავის პუბლიკაციაში აღნიშნვა "К." გვარით "კონჩაკოვი" ჩაანაცვლა.

ანდრეი კონჩაკოვი, რომელსაც ჩეხური მედია რუსული სპეცსამსახურების სავარაუდო აგენტად მოიხსენიებს, ჩეხეთში უკვე რამდენიმე წელია, მუშაობს, კერძოდ, 2017 წლიდან “როსსოტრუდნიჩესტვოს” წარმომადგენლობას უდგას სათავეში და ამ ამპლუაში აქტიურ საჯარო მოღვაწეობას ეწევა. ამასთან, იგი სოციალურ ქსელ “ფეისბუქის” აქტიური მომხმარებელია და აქტიურად ათავსებს თავის გვერდზე დიდ სამამულო ომში გამარჯვების დღისადმი მიძღვნილ სხვადასხვა პუბლიკაციებს, მათ შორის – ჩეხური მედიის ხსენებული სტატიების შემდეგაც. ამასთან, მისი მისამართით გამოთქმული ბრალდებები მას არ დაუკომენტარებია.

• აპრილის ბოლოს ჟურნალმა “რესპეკტმა” გამოაქვეყნა სტატია პრაღაში რუსი დიპლომატის ჩასვლის შესახებ, რომელსაც ბარგში რიცინი ჰქონდა. გამოცემის წყაროების მტკიცებით, ეს ადამიანი შესაძლოა, რუსეთის სპეცსამსახურების თანამშრომელი ყოფილიყო. გამოცემის წყაროს მტკიცებით, ჩეხური კონტრდაზვერვა ეჭვობდა, რომ მოსკოვს შესაძლოა, მუნიციპალურ ჩინოსნებზე თავდასხმები ჰქონოდა დაგეგმილი, რის გამოც დაცვა გამოუყვეს პრაღის მერსა და ქალაქის ორი რაიონის მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელ პირებს.

• ამ დღეებში ჩეხური გამოცემა Lidové noviny წერდა, რომ დიპლომატი, რომლის შესახებაც ჩეხური სპეცსამსახურები გააფრთხილეს, რუსეთის უსაფრთხოების ფედერალური სამსახურის აგენტი იყო. ანონიმურ ცნობაში ნათქვამი იყო, რომ მას შესაძლოა, ქვეყანაში ორი და არა ერთი საწამლავი ჩაეტანა – რიცინთან ერთად ტოქსიკური საკსიტოქსინიც.

• გაზეთის პუბლიკაციაში დასახელებული იყო ასევე პრაღაში რიცინის სავარაუდო ჩამტანის ჩასვლის თარიღიც - 14 მარტ და აღნიშნული იყო, რომ მისი ვიზიტის შესახებ ჩეხურ სპეცსამსახურებს ანონიმურმა წყარომ აცნობა.

• გამოცემა ხაზგასმით აღნიშნავს, რომ უცნობია, მართლაც მან ჩაიტანა პრაღაში ეს საწამლავები თუ არა. ამასთან, გაზეთის ცნობით, რუსეთის მოქალაქე შეიძლება, ამ დრომდე ჩეხეთის ტერიტორიაზე იმყოფებოდეს, ვინაიდან მისი პერსონა ნონ-გრატად გამოცხადების საფუძვლები ამ ეტაპზე არ არსებობს. ხოლო მედიის პუბლიკაციებმა მისი ქვეყანაში გამოჩენის შესახებ ხელისუფლება უხერხულ მდგომარეობაში ჩააყენა, რადგან პრაღა ვერ ამტკიცებს, რომ ეს ადამიანი ვინმესთვის საფრთხეს მართლაც წარმოადგენდა.

• მედიის ცნობით, შეიძლებოდა, თავდასხმა განხორციელებულიყო პრაღა-6-ის რაიონის ადმინისტრაციის უფროს ონდრჟეი კოლარჟზე, როგორც მარშალ ივან კონევის ძეგლის დემონტაჟის ინიციატორზე. ძეგლის დემონტაჟი 4 აპრილს, ანუ უკვე მას შემდეგ განხორციელდა, რაც, მედიის ინფორმაციით, საწამლავი პრაღაში ჩაიტანეს. ეს კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს “რესპეკტის” თავდაპირველ მტკიცებას, რომ რიცინის ჩატანის ისტორია ძეგლის დემონტაჟთან იყო დაკავშირებული.

• გარდა ამისა, მედიის მტკიცებით, დაცვა დაუნიშნეს პრაღის მერს ზდენეკ გრჟიბს, რომლის ინიციატივითაც მოედანს, რომელზეც რუსეთის საელჩოა განთავსებული, ბორის ნემცოვის სახელი მიანიჭეს და რაიონ რჟეპორიეს ადმინისტრაციის უფროს პაველ ნოვოტნის, როგორც ე.წ. გამათავისუფლებელი არმიის მებრძოლთა მემორიალის აღმართვის ინიციატორს. ორივე გადაწყვეტილებას მოსკოვი პროტესტით შეხვდა.

• ჩეხეთის ხელისუფლებას ოფიციალურად არ წაუყენებია რუსეთის მიმართ ბრალდება მუნიციპალური ჩინოსნების მკვლელობის მზადების თაობაზე.

• რუსეთის ხელისუფლება რიცინის ისტორიასთან კავშირს უარყოფს. კრემლის პრეს-მდივანმა დიმიტრი პესკოვმა "რესპეკტის" პუბლიკაციას "ფეიქის მსგავსი" უწოდა, საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა კი - “წარმოუდგენელი”.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S