მოსკოვში სიკვდილიანობის აპრილის მაჩვენებელმა ბოლო 10-წლიან პერიოდში ამ თვის საშუალო მონაცემს 20%-ით გადააჭარბა
11/05/2020 08:23:51 მსოფლიო
მიმდინარე წლის აპრილში მოსკოვში გარდაცვლილთა რაოდენობამ 20%-ით გადააჭარბა აპრილის თვის საშუალო ყოველწლიურ მაჩვენებლებს, რომლებიც დედაქალაქში ბოლო 10 წლის განმავლობაში ფიქსირდებოდა, - იუწყება მოსკოვში გამომავალი ინგლისურენოვანი გამოცემა “The Moscow Times” დედაქალაქის მთავრობის ღია მონაცემების პორტალზე დაყრდნობით.
ეს მონაცემები ხელმისაწვდომი გახდა იმ მომენტში, როცა რუსეთში, ევროპის ნებისმიერ ქვეყანასთან შედარებით, ინფიცირებულთა რაოდენობის ყოველდღიური მატება უფრო სწრაფია. ამასთან, როგორც პუბლიკაციის ავტორი აღნიშნავს, მოსკოვში სიკვდილიანობის მაჩვენებელი გაცილებით დაბალი რჩება, სხვა ქვეყნების დედაქალაქებთან შედარებით.
მოსკოვი, რომელიც ინფიცირების კვკლავინდებურად მთავარ კერას წარმოადგენს, პიკური მაჩვენებლების რეგისტრირებას განაგრძობს, მიუხედავად იმისა, რომ 30 მარტს ქალაქში საგანგებო რეჟიმი შემოიღეს. ოფიციალური ინფორმაციით, მიმდინარე წლის აპრილში მოსკოვში 11 846 ადამიანი გარდაიცვალა. ბოლო 10 წლის განმავლობაში კი აპრილის თვეში ქალაქში საშუალოდ 9 866 მოქალაქე იღუპებოდა. ამ მონაცემებზე დაყრდნობით სპეციალისტები ვარაუდობენ, რომ სიკვდილიანობის რეალური სტატისტიკა შესაძლოა, ოფიციალურად გაცხადებულზე მაღალი იყოს, - წერს “The Moscow Times”.
კვირას, 10 მაისს რუსეთში კორონავირუსით ინფიცირების 11 012 ახალი შემთხვევა დადასტურდა. ინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ 209 688-ს მიაღწია. მათგან მოსკოვში დაინფიცირდა 109 074 მოქალაქე, დაიღუპა 1 068. “როსსტატს” სიკვდილიანობის აპრილის სტატისტიკა ჯერ არ გამოუქვეყნებია. მას მაისის ბოლოსთვის ელიან. მთლიანობაში კი რუსეთში კოვიდ-ინფექციისგან სიკვდილიანობის შედარებით დაბალი მაჩვენებელი – 0,9% აღირიცხება. ექსპერტების აზრით, მსგავსი მონაცემები გამოწვეულია იმ მეთოდებით, რომლითაც ქვეყანაში სიკვდილიანობას აღრიცხავენ, - აღნიშნულია “The Moscow Times”-ის პუბლიკაციაში. მანამდე, 9 მაისს იმავე გაზეთის რუსულენოვან ვერსიაში დაიბეჭდა: "რუსეთი ამაყობს კორონავირუსისგან სიკვდილიანობის დაბალი მაჩვენებლით. ციფრები იტყუება. რუსი ჩინოსნების მხრიდან მომეტებული გამჭვირვალეობა აჩვენებს, რომ ერთ რეგიონში დაიღუპა სულ მცირე, 233%-ით მეტი კოვიდ-პაციენტი, ვიდრე გამოცხადებული იყო".
მართალია, ჯანმო-მ 16 არპილს კორონავირუსისგან სიკვდილიანობის აღსარიცხად რთული სახელმძღვანელო პრინციპები გამოაქვეყნა, ექსპერტები მათ დაგვიანებულობაზე მიუთითებენ: იმ დროისთვის მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში უკვე მოქმედებდა თვლის საკუთარი სისტემები. მაგალითად, ბელგიაში, სპეციალისტების შეფასებით, ყველაზე “ლიბერალური” მეთოდი გამოიყენება: მოხუცთა თავშესაფრებში გარდაცვალების მიზეზად ვირუსი აღირიცხება განურჩევლად იმისა, დაუდასტურდა თუ არა იგი გარდაცვლილს. სავარაუდოდ, სწორედ ამით აიხსნება ის გარემოება, რომ ბელგიაში კორონავირუსისგან სიკვდილიანობა მსოფლიოში ყველაზე მაღალია. როგორც ბელგიელი ექიმები განმარტავენ, უმჯობესია, სტატისტიკური მონაცემი რეალურზე მაღალი იყოს, ვიდრე დაბალი: პირველ შემთხვევაში ეს მომეტებული სიფრთხილისკენ იძლევა ბიძგს, მეორეში - პირიქით. ამავე დროს, აშშ, იტალია და რიგი სხვა ევროპული ქვეყნები სიკვდილიანობას “კორონავირუსით გამოწვეულად” კლასიფიცირებენ, თუ დაღუპულს ტესტირების შედეგად COVID-19 აღმოაჩნდება, მიუხედავად იმისა, რომ ფორმალურად, გარდაცვალების მიზეზად შესაძლოა, თანმდევი ქრონიკული დაავადება ქცეულიყო.


