მედია: კორონავირუსისგან კრემლის მუშაკი გარდაიცვალა
09/05/2020 12:57:57 მსოფლიო
რუსული მედიის ინფორმაციით, COVID-19-ისგან კრემლის მუშაკი, კერძოდ, სახელმწიფო დაცვის თანამშრომელი, მაიორი ალექსეი ტიტოვი დაიღუპა. ეს ინფორმაცია ჯერ გამოცემა “მედუზამ” გაავრცელა წყაროზე დაყრდნობით, ხოლო შემდეგ სხვა გამოცემებს გარდაცვლილის ახლობლებმა დაუდასტურეს.
ირკვევა, რომ მაიორი სასწრაფო დახმარების ბრიგადას ორი დღის განმავლობაში უშედეგოდ იძახებდა – სიმპტომებს, რომლებსაც ის ოპერატორს უსახელებდა, “არასაკმარისად” თვლიდნენ. საბოლოო ჯამში, მესამე დღეს ტიტოვი უწყებრივი ტრანსპორტით კლინიკაში მოათავსეს და ხელოვნური კომის მდგომარეობაში შეიყვანეს.
კორონავირუსი მას უკვე გარდაცვალების შემდეგ დაუდგინეს. როგორც “ეხო მოსკვი” აღნიშნავს, თანამშრომლის კორონავირუსისგან გარდაცვალების შესახებ ინფორმაციას დაცვის ფედერალურ სამსახურში ამ დრომდე არ ადასტურებენ. თუმცა უწყების ოფოციალურ საიტზე ტიტოვის ნეკროლოგია განთავსებული. მასში აღნიშნულია, რომ მაიორმა კრემლში 24 წელი იმუშავა.


