ცხინვალის რეგიონში კიდევ ორი კოვიდ-ინფიცირებული გამოავლინეს
09/05/2020 11:28:14 საზოგადოება
ცხინვალის ოკუპირებულ რეგიონში კოვიდ-ინფიცირების დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა გაიზარდა. ლაბორატორიულად დადასტურდა ორი ახალი შემთხვევა. ორივე ინფიცირებული რუსეთიდან დაბრუნებული კურსანტია. ამგვარად, 9 მაისის დილისთვის რეგიონში უკვე 17 დაავადებულია აღრიცხული.
“გასული დღე-ღამის განმავლობაში სულ 38 ტესტირება ჩატარდა და ორ შემთხვევაში ტესტებმა დადებითი შედეგი აჩვენეს. სულ კი რესპუბლიკაში სადღეისოდ 297 ტესტია ჩატარებული. მათგან 17 შემთხვევაში დადებითი შედეგია მიღებული” – განაცხადა დღეს “იუგოოსპოტრებნადზორის” თავმჯდომარის მოადგილემ ანა გაგლოევამ და დასძინა, რომ დღეს კიდევ 40-მდე ტესტის ჩატარება იგეგმება და შედეგები სავარაუდოდ, უკვე საღამოს იქნება ცნობილი.
მისივე თქმით, კარანტინში ამ დროისთვის სულ 279 მოქალაქე იმყოფება:
“17 ინფიციებული გვყავს ინფექციური განყოფილების ბოქსირებულ ოთახებში, 207 – სტაციონალურ პირობებში (7 – ლენინგორში [ახალგორში – რედ.], 30 – ზნაურში, 25 – ძაუსში [ოსური სახელწოდება – რედ.], 33 – სასტუმრო “ალანში”), კიდევ 22 კი შინ არის იზოლირებული”.


