“ეს საუკეთესო მომენტია აფხაზეთთან ვაჭრობის კუთხით კორპორაციის ჩამოყალიბებაზე მოლაპარაკებების დასაწყებად”

09-05-2020 12:35:14 კონფლიქტები ,ინტერვიუ

საერთაშორისო კრიზისულმა ჯგუფმა გამოაქვეყნა მოხსენება «COVID-19-გამოწვევა პოსტსაბჭოთა სივრცეში არსებულ გამოყოფილ რეგიონებში». დოკუმენტი აღწერს ვითარებას, რომელიც კორონავირუსის გავრცელების საფრთხის პირობებში ცხინვალის რეგიონში, აფხაზეთში, დონბასში, მთიან ყარაბაღსა და დნესტრისპირეთში შეიქმნა.

როგორც საერთაშორისო კრიზისული ჯგუფის ანალიტიკოსი ოლესია ვართანიანი აღნიშნავს, არაღიარებულ ან ნაწილობრივ აღიარებულ რეგიონებს აქვთ რიგი თავისებურებები, მათ შორის – იმ კუთხით, რომ მათთან მიმართებაში საერთაშორისო ორგანიზაციებთან ურთიერთობის თვალსაზრისით განსხვავებული რეგულაციები მოქმედებს, საერთაშორისო ორგანიზაციები კი სადღეისოდ კორონავირუსთან ბრძოლის კუთხით ექსპერტიზისა და გარკვეული სამედიცინო აღჭურვილობის (უპირველესად, მედიკოსების ინდივიდუალური დაცვის საშუალებების) მთავარი მომწოდებლები არიან.

მისი განმარტებით, ვინაიდან ეს რეგიონები თავს დამოუკიდებლად მიიჩნევენ და ამ სტატუსს იცავენ, იქ, როგორც წესი, იქმნება იმის გაგების პრობლემა, რომელმა საერთაშორისო სტრუქტურებმა და რა ხარისხში უნდა მიაწოდონ მათ დახმარება.

ვართანიანის თქმით, ამ კუთხით პოსტსაბჭოთა სივრცეში აფხაზეთი ძალზე წარმატებულ მაგალითს წარმოადგენს:

“სოხუმის ხელმძღვანელობამ შეძლო თანამშრომლობის ორგანიზება ყველასთან, ვისთანაც შესაძლებელი იყო, განურჩევლად იმისა, სად მდებარეობს ამ ორგანიზაციების წარმომადგენლობები – თბილისში თუ უცხოეთში, საიდან ჩამოდიან მათი წარმომადგენლები და რა სტატუსით. უპირველესად, ეს მოსახლეობის დასახმარებლად კეთდებოდა. ადგილობროვი მოსახლეობის 20% კი 60 წელს გადაცილებული ადამიანებია (მსგავსი მონაცემები მთელს სამხრეთ კავკასიაში არავის აქვს), სამედიცინო სექტორშიც ბევრი ხანდაზმულია დასაქმებული და სოხუმს რომ წინააღმდეგობის გაწევა, პირობების წაყენება დაეწყო, მაღალი ალბათობით, მედიკოსები, რომლებიც დღეს ფრონტის წინა ხაზზე დგანან, სერიოზული პრობლემის წინაშე აღმოჩნდებოდნენ: მათ დაცვის ელემენტარული საშუალებებიც არ ექნებოდათ, ხოლო როგორც პრაქტიკამ აჩვენა (არა მარტო ჩვენს რეგიონში, არამედ უცხოეთშიც), თუ ექიმს მსგავსი საშუალებები არ აქვს, მას უბრალოდ ეშინია პაციენტთან მიახლოების. ექიმები რომ დაინფიცირებულიყვნენ, ორ კვირაში აფხაზეთი ფაქტობრივად, მედიკოსების გარეშე დარჩებოდა”.

ანალიტიკოსის ინფორმაციით, აფხაზეთმა ოფიციალური მომართვა მარტის დასაწყისში დაიწყო, თუმცა არაოფიციალური მესიჯები იქიდან გაცილებით უფრო ადრე წამოვიდა.

როგორც ვართანიანი აღნიშნავს, აფხაზეთი ამჟამად ერთგვარ გარდამავალ პერიოდში იმყოფება – დე ფაქტო პრეზიდენტის გადადგომის შემდეგ იქ “არჩევნები” ჩატარდა და კორონავირუსთან დაკავშირებული მთელი პრობლემა, ფაქტობრივად, იმ ბიუროკრატიულ ფუნქციონერებს დააწვათ მხრებზე, რომლებიც ყოველდღიურ ცხოვრებაში პოლიტიკის ფორმირებით დაკავებულები არ არიან. “აღმოჩნდა, რომ ეს ადამიანები გაცილებით ეფექტურები არიან საერთაშორისო ორგანიზაციებთან, თბილისთან, მოსკოვთან კორპორაციის თვალსაზრისით. აფხაზეთი ამ მხრივ მაგალითია ყველა დანარჩენითვის” – დასძენს ანალიტიკოსი.

რაც შეეხება ცხინვალის რეგიონს, ვართანიანის თქმით, როცა ადგილობრივმა მმართველებმა გარკვეული ზომების მიღება დაიწყეს, იმ დროისთვის რუსეთში სამედიცინო საშუალებების ექსპორტი და გაყიდვა აიკრძალა – და ცხინვალის რეგიონი მოუმზადებელი აღმოჩნდა:

“მე ვესაუბრე ერთ-ერთ ადგილობრივ მაცხოვრებელს და მან მითხრა: «თუ ქუჩაში ნიღბიანს ვხედავ, ესე იგი, ადგილობრივი არ არისო». პრობლემა იმაშიც მდგომარეობს, რომ იქ აბსოლუტურად იგივე პირობებით, როგორც აფხაზეთში და იმავე ადამიანების ჩართულობით, რომლებიც უცხოეთიდან ამ რეგიონების დასახმარებლად ჩამოვიდნენ, დაიწყეს სრულიად ვერშესრულებადი პირობების წამოყენება. ვითარებაში, როცა ყველა საზღვრებს კეტავდა, ცხინვალმა დაიწყო იმის მოთხოვნა, რომ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (ჯანმო) სპეციალისტები ჩასულიყვნენ არა ქართული რეგიონების მხრიდან, არამედ თბილისიდან ვლადიკავკაზში და იქიდან ცხონვალში, მაშინ, როცა ეს გზა მანქანით სულ 40 წუთს იკავებს... როდესაც ადგილობრივ ჩინოსნებს ვესაუბრებოდი, ვაცნობიერებდი, რომ ეს მათთვის პრინციპული საკთხი იყო. იმის მიუხედავადაც კი, რომ ეს რეგიონი აღმოჩნდა რეალური საფრთხის წინაშე ყოველგვარი მომზადების, საექსპერტო დახმარებისა და ცოდნის გარეშე, რა ზომები და როგორ უნდა ყოფილიყო მიღებული, ადგილობრივი ჩინოსნები კატეგორიულ უარს აცხადებდნენ და არანაირი შეთავაზებების მოსმენა არ სურდათ. ეს – მაშინ, როცა მოსახლეობა იქ პანიკის ზღვარზეა ელემენტარული საშუალებების – ნიღბების არქონის გამო. ადგილობრივ ფაბრიკაში ნიღბების კერვა დაიწყეს, მაგრამ ყველას ესმის, რომ თუ იქ გარკვეული პირობები არ არის დაცული და ამ საშუალებების ხარისხი საეჭვოა, მაღალი ალბათობით, ისინი კორონავირუსით ინფიცირებისგან ვერავის დაიცავს. კვირების განმავლობაში ვესაუბრებოდი ჩინოსნებს, სხვადასხვა დიპლომატებს, ადამიანებს, რომლებმაც უამრავი დრო და ენერგია დახარჯეს უბრალოდ იმისთვის, რომ რაიმე გზა მაინც გამონახულიყო და შეეგნებინებინათ იქაური ხელმძღვანელობისთვის, რომ ეხლა სრულიად შეუფერისი დროა მსგავსი საკითხების წამოსაჭრელად. და მიუხედავად ამ პრეტენზიებისა, არსებობს მზაობა, ამას სხვადასხვაგვარად მიუდგნენ. აუცილებელია იმ რეალობის გათვალისწინება, რომელშიც ვცხოვრობთ: ყველა საზღვრებს კეტავს და დგას მწვავე აუცილებლობა, რამენაირად ჩამოვაყალიბოთ თანამშრომლობა იმ პირობებში, რომელშიც გვიწევს ყოფნა”.

ისევე, როგორც მთიან ყარაბაღში, ცხინვალის რეგიონშიც ჰუმანიტარული დახმარების კუთხით სადღეისოდ ძირითადი როლი «წითელ ჯვარს» ეკისრება. საერთაშორისო კრიზისულ ჯგუფს მომზადებული აქვს რეკომენდაცია – ვინაიდან ცხინვალის რეგიონში ვერ ხერხდება თანამშრომლობის ჩამოყალიბება ჯანმო-სთან, იქნებ პრიორიტეტი აქაც “წითელ ჯვარს” მიენიჭოს, რომლისთვისაც სადღეისოდ ამ კუთხით პრიორიტეტული დონბასი და მთიანი ყარაბაღი რჩება, ცხინვალის რეგიონი კი აქაც “აფსაიტშია”.

კრიზისულმა ჯგუფმა რიგი სხვა რეკომენდაციებიც მოამზადა. ერთ-ერთი მათგანის თანახმად, დღეს საუკეთესო მომენტია აფხაზეთთან ვაჭრობის კუთხით კორპორაციის ჩამოყალიბებაზე მოლაპარაკებების დასაწყებად.

როგორც ვართანიანი განმარტავს, აფხაზეთს ამჟამად ძალზე სერიოზული ფინანსური პრობლემები აქვს:

“მთელი გასული წელი ეს რეგიონი პოლიტიკურ ტურბულენტობაში იყო: ჩატარდა სამი კენჭისყრა - და სადღეისოდ სოხუმში ხაზინა ცარიელია. როდესაც აფხაზეთმა კორონავირუსთან ბრძოლის პერიოდში დაიწყო შესვლა, ცხადი გახდა, რომ წელს სერიოზული პრობლემები იქნება ტურისტული ბიზნესის მიმართულებით. საქართველოს ხელისუფლებას კი დე ფაქტო ხელისუფლებებთან მიმართებაში ეკონომიკურ საქმიანობასა და საერთაშორისო ფინანსური სტრუქტურების კონტაქტებზე გარკვეული შეზღუდვები აქვს დაწესებული. იყო ამაზე მსჯელობისა და ყველასთვის მისაღები გადაწყვეტილებების ძიების მცდელობები, მაგრამ ახლა ამას მეტი ყურადღება უნდა დაეთმოს. ჩვენ ასევე ვსაუბრობთ აფხაზეთთან ვაჭრობის მიმართულებით კორპორაციის ჩამოყალიბების იდეაზე. დღეს ამაზე ფიქრის დასაწყებად საუკეთესო მომენტია. ამას შესაძლოა, ერთგვარად კომპენსირება მოეხდინა იმ ეკონომიკური დანაკარგებისა, რომელიც ამ რეგიონში მცხოვრებმა ადამიანებმა განიცადეს”.

იხილეთ ასევე: მწიფდება თუ არა კორონა-კატასტროფა ცხინვალის რეგიონში?

ცხინვალის რეგიონში COVID-19-ით ინფიცირების დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა 15-მდე გაიზარდა

ახალი ამბები

სხვა სიახლეები