Accentnews.ge
10 დასავლური ქვეყნის ერთობლივი განცხადება: “1945 წლის მაისს თავისუფლება ყველა ევროპული სახელმწიფოსთვის არ მოუტანია”

10 დასავლური ქვეყნის ერთობლივი განცხადება: “1945 წლის მაისს თავისუფლება ყველა ევროპული სახელმწიფოსთვის არ მოუტანია”

08/05/2020 14:25:54 მსოფლიო

ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის, ბალტიისპირეთის ქვეყნებისა და აშშ-ის საგარეო საქმეთა სამინისტროებმა მეორე მსოფლიო ომში გამარჯვების 75-ე წლისთავთან დაკავშირებით ერთობლივი განცხადება გაავრცელეს.

"ჩვენ სათანადო პატივს მივაგებთ ყველა მსხვერპლსა და ჯარისკაცს, რომლებიც იბრძოდნენ ნაცისტური გერმანიის დასამარცხებლად და ჰოლოკოსტის დასასრულებლად. თუმცა მეორე მსოფლიო ომის დასრულებას თავისუფლება ყველა ევროპული ქვეყნისთვის არ მოუტანია – ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპა თითქმის 50 წლის განმავლობაში კომუნისტური რეჟიმების მმართველობაში იმყოფებოდნენ. ამასთან, საბჭოთა კავშირი იყენებდა საკუთარ ძალაუფლებას, სამხედრო სიძლიერესა და იდეოლოგიურ კონტროლს მრავალ სახელმწიფოზე. მრავალი ათწლეულის განმავლობაში ევროპელები საკუთარ სიცოცხლეებს სწირავდნენ და იღწვოდნენ თავისუფლებისკენ. უნგრეთის 1956 წლის მოვლენები, “ქარტია-77”-ის საქმიანობა და ჩეხოსლოვაკიის 1989 წლის შემოდგომის მოვლენები, ბერლინის კედლის დაცემა – ამ ყველაფერმა გადამწყვეტი როლი შეასრულა ევროპაში თავისუფლებისა და დემოკრატიის აღდგენაში. დღეს ჩვენ ერთობლივად ვმუშაობთ ძლიერი და თავისუფალი ევროპის შესაქმნელად, რომელშიც კანონისა და ადამიანის უფლებათა უზენაესობა, დემოკრატია იმეფებს. ჩვენ მზად ვართ დიალოგისთვის ყველასთან, ვინც დაინტერესებულია ამ პრინციპების რეალიზებაში", – ნათქვამია, 10 ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროების ერთობლივ განცხადებაში, რომელსაც ბულგარეთის, ჩეხეთის, ესტონეთის, უნგრეთის, ლატვიის, ლიეტუვას, პოლონეთის, რუმინეთის, სლოვაკეთისა და აშშ-ის საგარეო პოლიტიკური უწყებების ხელმძღვანელები აწერენ ხელს.

მასში ასევე ხაზგასმულია, რომ საერთაშორისო უსაფრთხოება, სტაბილურობა და მშვიდობა მოითხოვს საერთაშორისო სამართლის ნორმების, მათ შორის ყველა ქვეყნის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის პრინციპების დაცვას. ამასთან დაკავშირებით განცხადების ავტორები მოუწოდებენ საერთაშორისო თანამეგობრობას, უარი თქვას გავლენის სფეროებად დაყოფის კონცეფციაზე და მიემხროს ყველა სუვერენული ერის თანასწორობის პრინციპებს.

ცნობისთვის: რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა დიდ სამამულო ომში გამარჯვების 75-ე წლისთავთან დაკავშირებით დღეს ავსტრიელებისადმი ვიდეომიმართვა გააკეთა. კრემლის ინფორმაციით, მიმართვა, რომელიც ავსტრიის საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში გადაიცა, ქვეყნის ფედერალურ კანცლერ სებასტიან კურცის წინადადებით ჩაიწერა.

“ნაცისტებზე გამარჯვებამ კაცობრიობა გადაარჩინა და დემოკრატიული ავსტრიის აღორძინებას გაუხსნა გზა. მისი გათავისუფლებისათვის გაწირა სიცოცხლე 26 ათასზე მეტმა საბჭოთა ჯარისკაცმა", – განაცხადა პუტინმა და ავსტრიელებისადმი მადლიერება გამოხატა ჯარისკაცთა საფლავების პატივისცემისა და ზრუნვის გამო.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S