აშშ-ში 2016 წლის საპრეზიდენტი არჩევნებში რუსეთის სავარაუდო ჩარევის გამოძიების პროტოკოლები გამოქვეყნდა
08/05/2020 10:20:35 მსოფლიო
აშშ-ში 2016 წლის საპრეზიდენტი არჩევნებში რუსეთის სავარაუდო ჩარევის გამოძიების პროტოკოლები გამოაქვეყნეს. კონგრესის წარმომადგენელთა პალატის კომიტეტმა თავის ვებ-გვერდზე 2017-2018 წლის ჩვენებების 57 სტენოგრამა გამოდო, სულ – 6 000-ზე მეტი გვერდი. ყველა ეს საუბარი თავის დროზე დახურულ რეჟიმშია გამართული.
"გამოქვეყნებული სტენოგრამები დეტალურად აღწერს ტრამპის კამპანიის ძალისხმევას 2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნებისთვის რუსეთის დახმარების მიზიდვის, გამოყენებისა და დაფარვის მიმართულებით", – განაცხადა დაზვერვის კომიტეტის ხელმძღვანელმა, დემოკრატმა ადამ შიფფმა.
გამომძიებლების მიერ ჩვენებაჩამორთმეულთა შორის არიან პრეზიდენტ ტრამპის უახლოესი გარემოცვის წევრები, მისი ვაჟის, სიძისა და უფროსი მრჩევლის – ჯარედ კუშნერის, ასევე საარჩევნო შტაბის წევრი მაიკლ კაპუტოს ჩათვლით. ყველა მათგანმა განაცხადა, რომ თეთრი სახლის ამჟამინდელი მმართველი კრემლთან შეთქმულებაში არ ყოფილა.
ამასთან, კომიტეტის წევრებთან საუბრისას კუშნერმა აღნიშნა, რომ არ იცის, მოახდინა თუ არა რუსეთის სავარაუდო ჩარევამ გავლენა არჩევნების შედეგებზე. პრეზიდენტის მრჩევლის თქმით, იქონია თუ არა დემოკრატიული პარტიის სერვერებსა და პრეზიდენტობის კანდიდატ ჰილარი ქლინთონის პირად ელექტრონულ ფოსტაზე კიბერშეტევებმა ამაზე რაიმე გავლენა - უცნობია.
უმცროსმა ტრამპმა გაიხსენა შეხვედრა რუს იურისტ ნატალია ვესელნიცკაიასთან, რომელსაც ვითომდა კომპრომატი ჰქონდა ქლინთონზე. პრეზიდენტის ვაჟმა დააზუსტა, რომ ამ ინფორმაციას დიდად არ ენდობოდა, თუმცა მზად იყო, მოესმინა. ამ შეხვედრის შედეგი მან “მეგობრის მიერ სამუშაო დღის ბოლოს ლუდის დასალევად მიწვევას” შეადარა.
თავის მხრივ, კაპუტომ განაცხადა, რომ პრეზიდენტ ტრამპს ყოვედღირი კავშირი ჰქონდა მისი საარჩევნო შტაბის ყოფილ ხელმძღვანელ პოლ მანაფორტთან. ეს – მაშინ, როცა თავად ტრამპის განცხადებით, იგი შტაბის უფროსს ცუდად იცნობდა. ცნობისთვის: მანაფორტი ამჟამად აშშ-ის წინააღმდეგ შეთქმულებისა და ფულის “გათეთრების” ბრალდებებით საპატიმრო სასჯელს იხდის.
2019 წლის მარტში სპეცპროკურორ რობერტ მიულერის გუნდმა დაასრულა მუშაობა მოხსენებაზე აშშ-ის 2016 წლის საპრე«იდენტო არჩევნებში რუსეთის შესაძლო ჩარევის თაობაზე. ორწლიანმა გამოძიებამ დაადასტურა მოსკოვის მცდელობები, ამერიკულ საარჩევნო პროცესზე გავლენა მოეხდინა. თუმცა კავშირი დონალდ ტრამპის საარჩევნო შტაბსა და კრემლს შორის გამომძიებლებმა ვერ გამოკვეთეს. ამასთან, მიულერი ვერ მივიდა ცალსახა დასკვნამდე, ცდილობდა თუ არა თავად ტრამპი. მართლმსაჯულებისთვის ხელი შეეშალა.
ამერიკული სპეცსამსახურების მონაცემებით, დემოკრატიული პარტიის სერვერებზე შეტევების უკან რუსული სპეცსამსახურები იდგნენ. ჰაკერების ვინაობა გასაიდუმლოებული იყო. კომპანია Crowdstrike-ის მონაცემებით, რომელმაც დემოკრატიული პარტიის დაკვეთით გამოძიება ჩაატარა, რუსულ ФСБ-სთან დაკავშირებულმა ჰაკერებმა სერვერებთან წვდომა ჯერ კიდევ 2015 წელს მიიღეს.
მოსკოვმა ჰაკერებთან შესაძლო კავშირი და სხვა ქვეყნების არჩევნებში ჩარევა არაერთგზის უარყო.


