მოლდოვამ რუსეთის კრედიტი ანტიკონსტიტუციურად სცნო
08/05/2020 07:01:25 მსოფლიო
მოლდოვას საკონსტიტუციო სასამართლომ ანტიკონსტიტუციურად სცნო რუსეთთან გაფორმებული შეთანხმება კიშინიოვისთვის 200 მლნ ევროს ოდენობის კრედიტის გამოყოფის თაობაზე.
"გადაწყვეტილება საბოლოოა და გადახედვას არ ექვემდებარება", - განაცხადა საკონსტიტუტიო სასამართლოს თავმჯდომარემ დომნიკა მანოლემ.
შესაბამისი კანონი, ასევე მთავრობის დადგენილება მოსკოვთან მოლაპარაკებების დაწყების შესახებ სასამართლომ ასევე ანტიკონსტიტუციურად გამოაცხადა. კოლეგიამ გაიზიარა მოსარჩელე ოპოზიციონერი დეპუტატების არგუმენტი იმის შესახებ, რომ შეთანხმება საერთაშორისო სამართლის ნორმების დარღვევით იყო გაფორმებული. გარდა ამისა, დეპუტატების აზრით, დოკუმენტი "შეიცავს მთელ რიგ საეჭვო დებულებებს, რომლებიც მოლდოვას უსაფრთხოებისთვის რისკებს ქმნის".
რუსეთთან შეთანხმება მოლდოვასთვის კრედიტის გამოყოფის თაობაზე 17 აპრილს გაფორმდა. მთავრობა აცხადებდა, რომ ამ კრედიტის მეშვეობით კორონავირუსის პანდემიის გამო სწრაფად მზარდ საბიუჯეტო დეფიციტთან 10 წლით გამკლავებას იმედოვნებდა. დაახლოებით ერთ კვირაში პარლამენტმა დოკუმენტის რატიფიცირება მოახდინა. იმავე დღეს საკონსტიტუციო სასამართლომ რატიფიკაციის შესახებ კანონის მოქმედება სამი დეპუტატის საჩივრების არსობრივ განხილვამდე შეაჩერა. პროდასავლური ოპოზიციის წარმომადგენლებმა, სხვა ყველაფერთან ერთად, მოსკოვის ქმედებებში მის მიმართ ლოიალურად განწყობილი პრეზიდენტის - იგორ დოდონის მხარდაჭერა განჭვრიტეს. თავად დოდონმა საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება “ცინიკურად” შეაფასა და განაცხადა, რომ ვერდიქტი ნეგატიურ გავლენას მოახდენს ვითარებაზე დასაქმების, პენსიების, საინვესტიციო კილიმატისა და მთლიანობაში ეკონომიკის კუთხით.


