იტალიაში, ომში დაღუპულთა მემორიალზე “ზაოდი” მიაწერეს
07/05/2020 16:40:56 მსოფლიო
იტალიაში, ქალაქ გრავინა ინ პულიაში, პირველ მსოფლიო ომში დაღუპულთა მემორიალზე “ზაოდი” მიაწერეს. წარწერის ამსახველი ფოტო ქალაქის მერმა ალესიო ვალენტემ სოციალურ ქსელში გაავრცელა. იგი ვანდალიზმის აქტის ჩამდენის დასჯას მოითხოვს.
მერის "პოსტს" გამოეხმაურნენ იტალიაში მცხოვრები ქართველები, რომლებიც კომენტარებში ბოდიშს იხდიან ვანდალიზმის გამო და წარწერის წაშლაში იტალიელებს დახმარებას სთავაზობენ.
მომხდარს ისტორიკოსი გიორგი კალანდიაც გამოეხმაურა:
„სამარცხვინო! ყველგან თავს რომ ჭრიან ქვეყანას ეს უსინდისოები! გულზე მჯიღს რომ იკრავენ, იმათთან კითხვა მაქვს: ეს რომ ჩვენთან რომელიმე უცხოელმა გააკეთოს, რა ამბავს ავტეხთ!? ამიტომ სანამ სხვის თვალში ბეწვის ძებნას დავიწყებთ, საკუთარი დირე მოვიქექოთ! როგორც იტალიელი მერი წერს, ამ უმსგავსოებს იმედია, დაიჭერენ და უმკაცრესად დასჯიან, ამ ჟამიანობის დროს იტალიელი ხალხის სიწმინდეების შეურაცხყოფისათვის“.


