საფრანგეთი კორონავირუსის გამო დაწესებული შეზღუდვების შემსუბუქებას მომავალი კვირიდან იწყებს
07/05/2020 16:04:14 მსოფლიო
საფრანგეთი ახალი კორონავირუსის გამო დაწესებული შეზღუდვების შემსუბუქებას მომავალი კვირიდან იწყებს.
პრემიერ-მინისტრ ედუარდ ფილიპეს განცხადებით, ეს ეტაპობრივი პროცესი იქნება, თუმცა, იმ შემთხვევაში თუ მოსახლეობა რეკომენდაციებს არ გაითვალისწინებს, შეზღუდვების კვლავ გამკაცრება გამორიცხული არ არის. მისივე თქმით, 11 მაისიდან დაწყებით სკოლებსა და ბიზნესების დიდ ნაწილს გახსნის საშუალება ექნება. თუმცა კაფეები და რესტორნები კვლავ დახურული რჩება.
იმ შემთხვევაში თუ ინფექციის დონე დაბალი იქნება, პრემიერი პირობას დებს, რომ საშუალო სკოლები, კაფეები და რესტორნები ივნისის დასაწყისიდან შეძლებენ ფუნქციონირებას.
საფრანგეთი ევროპაში ახალი კორონავირუსით ერთ-ერთი ყველაზე მეტად დაზარალებული ქვეყანაა, სადაც ბოლო ოფიციალური მონაცემებით, ახალმა კორონავირუსმა 25 809 ადამიანი იმსხვერპლა, ინფიცირებულია 174 191, გამოჯანმრთელებულია 53 972.


