
გიდებისთვის სპეციალური პლატფორმა შეიქმნება
07/05/2020 12:46:45 ეკონომიკა
ეკონომიკის მინისტრი ნათია თურნავა აცხადებს, რომ გიდებს ტურისტულ ინდუსტრიაში დიდი კონტრიბუცია შეაქვთ, თუმცა, სფერო ბოლომდე აღრიცხული არ არის.
„საბედნიეროდ, ამ სფეროში არსებობენ საკმაოდ კარგად ჩამოყალიბებული და ორგანიზებული პროფესიული ასოციაციები, გიდების ასოციაციები, რომლებთანაც ახლა დავიწყეთ თანამშრომლობა, განსაკუთრებით ანტიკრიზისული გეგმის მომზადების პერიოდში. გუშინაც საკმაოდ ხანგრძლივი ონლაინდისკუსია გვქონდა გიდების ასოციაციასთან და გიდების წარმომადგენლებთან. არის მთელი რიგი საკითხები, რაზეც ჩვენ უნდა ვიმუშაოთ. გაცილებით მარტივია, მივიღოთ გადაწყვეტილება იგივე სასტუმრო ინდუსტრიაზე ან ტურისტულ კომპანიებზე, რომლებიც მეტად ინსტიტუციონალიზებული, ლეგალიზებული და კარგად აღრიცხული სფეროა, გადასახადის გადამხდელი არიან და ვიცით, რომ შეღავათი კონკრეტულ გადასახადთან შეიძლება იყოს დაკავშირებული“, – განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა.
მისი თქმით, შეთანხმდა, რომ გიდებთან დაკავშირებით რამდენიმე მიმართულებით წარიმართება მუშაობა, არა მხოლოდ გადამზადებაზე:
„რა თქმა უნდა, ხარისხის სერტიფიცირება ერთ-ერთი მთავარია, რაც ალბათ, ნებაყოფლობითი იქნება და თვითონ ასოციაციები გახდებიან ჩვენი თანამოაზრეები ამ საკითხში, ასევე არის მათი აღრიცხვის საკითხი. ჩვენ ზუსტად უნდა ვიცოდეთ, ვინ არის ეს ჯგუფი, ვის უნდა მივანიჭოთ გარკვეული პრეფერენციები და დახმარებები. ასევე უკვე მიღებულია გადაწყვეტილება, რომ გიდებს მიეცემათ უფასო შესვლის უფლება მუზეუმებში, ნაკრძალებში, დაცული ტერიტორიებზე, რაც მათთვის ძალიან მნიშვნელოვანი შეღავათია, ასევე იმ პერიოდში, ვიდრე არ აღდგება ტურისტული აქტივობა ძველი მასშტაბით და ჯერ კიდევ იქნება პრობლემა გიდების დასაქმების, ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რათა მათთვის ალტერნატიული დასაქმების შესაძლებლობა შევქმნათ“.
მინისტრი ამბობს, რომ ამ მიზნით სპეციალური პლატფორმა შეიქმნება:
„აქტიურად ჩავრთავთ გიდებს მათ შორის მიკრო გრანტების პროგრამაში, იგივე „აწარმოე საქართველოს“ ფარგლებში, რომ შეძლონ თავიანთ საქმიანობასთან ახლოს მყოფი პროექტები წარადგინონ და ამაშიც ჩაერთონ, გადამზადება ამის ერთ-ერთი კომპონენტია“, – განაცხადა მინისტრმა და აღნიშნა, რომ მეტი დეტალი ახლო მომავალში დაზუსტდება, რადგან კონკრეტულად გიდებზე მორგებული პროგრამის შეთავაზებისთვის აღნიშნული სეგმენტის უკეთ შესწავლაა საჭირო, რასაც დამატებით დრო სჭირდება.