ნიუ–იორკის შტატში გაურკვეველი ანთებითი სინდრომით უკვე 60–ზე მეტი ბავშვია ჰოსპიტალიზებული
07/05/2020 12:24:06 მსოფლიო
ნიუ–იორკის შტატში იზრდება იმ ბავშვთა რაოდენობა, რომლებიც გაურკვეველი ანთებითი სინდრომის გამო ჰოსპიტალიზებას საჭიროებენ, – იუწყება CNN.
როგორც შტატის სამედიცინო სფეროს ოფიციალური წარმომადგენლები აცხადებენ, გაურკვეველი ანთებითი სინდრომი შესაძლოა, ახალ კორონავირუსს უკავშირდებოდეს.
„შტატში გაურკვეველი ანთებითი სინდრომით ამ დროისთვის 64 ბავშვია ჰოსპიტალიზებული. მათგან 15, რომელთა ასაკი 2-დან 15 წლამდე მერყევობს, კლინიკაში ბოლო 3 კვირის განმავლობაში გადაიყვანეს. მათ უმეტესობას Covid–19 დაუდგინდა. ზოგიერთ ბავშვს მაღალი ტემპერატურა, ტოქსიკური შოკის სინდრომი და კავასაკის დაავადებისთვის დამახასიათებელი სიმპტომები აღენიშნება. ნიუ–იორკის შტატის გარდა, გაურკვეველი ანთებითი სინდრომი დაფიქსირდა სიეტლსა და კალიფორნიაშიც“, – წერს გამოცემა.
შეგახსენებთ, რომ ბავშვებში გაურკვეველი ანთებითი სინდრომის თაობაზე ინფორმაცია პირველად ბრიტანელმა ექიმებმა გაავრცელეს. მათივე თქმით, სინდრომი შესაძლოა, Covid–19–ს უკავშირდებოდეს. ექსპერტების განცხადებით, აღნიშნული სინდრომით ჰოსპიტალიზებულ ბავშვებს მაღალი ტემპერატურა, გულის პრობლემები და ნაწლავების ანთება აღენიშნებათ. აშშ–სა და ბრიტანეთის გარდა, გაურკვეველი ანთებითი სინდრომი ბავშვებში იტალიაში, ესპანეთში, საფრანგეთსა და შვეიცარიაშიც დაფიქსირდა.
ამჟამად მეცნიერები კოროვირუსული პანდემიისა და კავასაკის დაავადებას შორის შესაძლო კავშირს იკვლევენ. კავასაკი მწვავე ანთებითი დაავადებაა ბავშვებში, რომელიც მაღალ ტემპარატურასა და არტერიების შეშუპებას იწვევს. როგორც წესი, კავასაკი განკურნებადი დაავადებაა, თუმცა შესაძლოა, ფატალური შედეგითაც დასრულდეს. იგი ძირითადად 5 წლამდე ბავშვებში ვლინდება.


