მედია: მოსკოვმა ასობით ათასი არაზუსტი ტესტი შეისყიდა
06/05/2020 18:25:25 მსოფლიო
მოსკოვის ხელისუფლებამ კორონავირუსის ანტისხეულების არსებობის დამდგენი ასობით ათასი არაზუსტი ექსპრეს-ტესტი შეისყიდა, - იუწყება რუსული მედია.
რამდენიმე გამოცემის, მათ შორის რუსული "Важные истории"-ს, იტალიური “IRPIMedia”-ს, ჰოლანდიური “Investico”-ს და სხვების მიერ ჩატარებული საერთაშორისო კვლევის შედეგებზე დაყრდნობით.
მისივე ინფორმაციით, ხელისუფლება ირწმუნებოდა, რომ ტესტები ნიდერლანდური იყო – 92%-იანი სიზუსტით, რეალურად კი, ისინი ჩინეთში აღმოჩნდა წარმოებული და სისტემის სიზუსტე 50%-საც არ აღწევს. შესყიდული ექსპრეს-ტესტევი “Biozek Medical” უნდა ადგენდეს სისხლში იმუნოგლობულინების არსებობას, რომლებიც აჩვენებს, ავადობს ადამიანი კორონავირუსული ინფექციით ამჟამად ან ავადობდა თუ არა მანამდე. ამისათვის საჭიროა მხოლოდ ერთი წვეთი სისხლი თითიდან – და უკვე 15 წუთში, როგორც მწარმოებლები ირწმუნებიან, შედეგი ცნობილი იქნება.
შესყიდვის შემდეგ ტესტები საქალაქო საავადმყოფოებში დაანაწილეს. დედაქალაქის ხელმძღვანელობის განცხადებით, რამდენიმე დღის განმავლობაში შემოწმება 175 ათასზე მეტმა მოქალაქემ და 50 ათასმა მედიკოსმა გაიარა.
სისტემის ეფექტურობის შესახებ განაცხადა მოსკოვის ვიცე-მერმა ანასტასია რაკოვამაც და ამასთან, ჩინური ანალოგები გააკრიტიკა.
ექსპრეს-ტესტების რუსი დისტრიბუტორი, კომპანია "Биотэк" ასევე აცხადებდა, რომ “ნიდერლანდური ტესტების სიზუსტე 92%-ს შეადგენდა”. თუმცა როგორც ჟურნალისტურმა გამოძიებამ აჩვენა, პროდუქტი რეალურად, ჩინური კომპანია Hangzhou Alltest Biotech Co. Ltd-ს მიერაა წარმოებული.
გამოძიების გამოქვეყნებულ შედეგებში ცალკეა აღნიშნული, რომ რუსი დისტრიბუტორი არაზუსტ ექსპრეს-ტესტებს “Biozek” შესასყიდ ფასზე 5-ჯერ ძვირად ყიდის: ცალს 400-ის ნაცვლად, 2 ათას რუბლად. იმის გარკვევა, რა ფასად შეიძინა ეს ტესტები მოსკოვის მერიამ დისტრიბუტორისგან, ვერ ხერხდება. დედაქალაქის ჯანდაცვის დეპარტამენტმა გამოცემა "Важные истории"-ს კითხვას არ უპასუხა. შესყიდვების გვერდზე კი ეს მონაცემები არ ფიგურირებს.


