"პანდემიის პირველი ფაზა უკან მოვიტოვეთ, თუმცა ჯერ ადრეულ ეტაპზე ვართ"
06/05/2020 16:56:51 მსოფლიო
გერმანიის კანცლერის ანგელა მერკელის განცხადებით, გერმანიამ ახალი ტიპის კორონავირუსის პანდემიის პირველი ფაზა უკან მოიტოვა, თუმცა ეს ჯერ კიდევ ადრეული ეტაპია.
„ჩვენ ჯერ კიდევ ადრეულ ეტაპებზე ვართ და მასში კიდევ დიდხანს ვიქნებით“ , - აღნიშნა მერკელმა.
მისივე თქმით, ქვეყნის მიზანი, შეენელებინა კორონავირუსის გავრცელება, მიღწეულია.
ცნობილი გახდა, რომ გერმანიაში ყველა მაღაზიას სამუშაო პროცესის განახლების უფლება მისცეს, თუმცა სოციალური დისტანციის დაცვა და პირბადეების ტარების ვალდებულება კვლავ ძალაში რჩება. ამასთან, მთავრობამ მწვანე შუქი აუნთო გერმანიის საფეხბურთო ბუნდესლიგის მაისის შუა რიცხვებიდან განახლებას, სკოლები კი ეტაპობრივად ზაფხულიდან გაიხსნება. ახალი ნორმების თანახმად, ორ ოჯახს შეხვედრისა და ერთად სადილობის საშუალება ექნება, თითო მნახველის მიღების უფლება ექნებათ მოხუცთა თავშესაფრების ბინადრებს.


