
"ლარში სესხებზე საპროცენტო განაკვეთები შოკურად გაიზარდა"
06/05/2020 15:59:53 ეკონომიკა
საბანკო ასოციაციის პრეზიდენტი ალექსანდრე ძნელაძე აცხადებს, რომ ბოლო პერიოდში ლარში სესხებზე საპროცენტო განაკვეთები შოკურად გაიზარდა.
როგორც ძნელაძე აცხადებს, ზრდა განაპირობა იმ გარემოებამ, რომ ბანკები ლარის რესურსის დეფიციტს ელოდნენ. მიზეზი კი, 3 თვით სესხების გადავადებაა, რომლითაც 600 ათასმა მსესხებელმა უკვე ისარგებლა. ამასთან, გაზრდილია მოთხოვნა ლარის რესურსზე, რამაც მისი ფასის ზრდა განაპირობა.
“საბანკო სექტორისთვის უკვე შემოთავაზებულია ფულის გრძელვადიანი რესურსი. ეს შოკურად გაზრდილ საპროცენტო განაკვეთებს შეამცირებს, თუმცა, ვერ დავბრუნდებით იმ მაჩვენებლებზე, რაც 2018 წელს გვქონდა”, - აცხადებს bm.ge-ს ცნობით, ალექსნადრე ძნელაძე.
მისივე თქმით, საპროცენტო განაკვეთები გაზრდილია, თუმცა ეს სასესხო პორტფელზე ჯერ არ ასახულა, რამდენადაც საუბარია შეთავაზებებზე:
“შეთავაზება მაღალ პროცენტში რომც იყოს, ის ჯერ არ ასახულა პორტფელში იმიტომ, რომ არ გაცემულა სესხები, ან მინიმალური რაოდენობით არის გაცემული. შეთავაზების ნაწილში კი, მნიშვნელოვანი ზრდაა დაფიქსირებული, თუ საპრცენტო განაკვეთები იპოთეკურ სესხებზე იყო 10%-11%, დღეს ეს გაიზარდა და, დაახლოებით, 13%-14%-საც შეადგენს”.