„ჩეხეთში გამოკვლევამ აჩვენა, რომ კორონავირუსის მიმართ იმუნიტეტი მოსახლეობის მხოლოდ 4-5%-ს აქვს“
06/05/2020 13:55:12 მსოფლიო
ჩეხეთში ჩატარებულმა გამოკვლევამ აჩვენა, რომ ახალი ტიპის კორონავირუსის მიმართ იმუნიტეტი მოსახლეობის მხოლოდ 4-5%-ს აქვს.
როგორც ქვეყნის ჯანდაცვის მინისტრმა ადამ ვოიტეხმა განაცხადა, ტესტი 26549 ადამიანს ჩაუტარდა. შემოწმებულთაგან 107-ს პირველად დაუდგინდა კორონავირუსის ინფექცია.
მისივე თქმით, წინასწარი მონაცემებით, იმ ადამიანების რაოდენობა, რომლებიც ინფიცირებული არიან, მაგრამ სიმპტომებს არ ავლენენ, შეიძლება, 27-დან 38%–მდე მერყეობდეს.
„იმუნიტეტის დონე შედარებით დაბალია ქვეყნის ორ უდიდეს ქალაქში - პრაღასა და ბრნოში“, – აღნიშნა ვოიტეხმა და დასძინა, რომ გამოკვლევა გავლენას არ მოახდენს მთავრობის მიმდინარე გეგმაზე, რაც მკაცრი ზომების ნელ-ნელა შემსუბუქებას ითვალისწინებს.
ცნობისთვის: ჩეხეთი ევროპაში ერთ-ერთი პირველი ქვეყანა იყო, სადაც მკაცრი აკრძალვები დაწესდა ადამიანების გადაადგილებაზე. 6 აპრილის მონაცემებით, ქვეყანაში ინფიცირების 7899 შემთხვევაა დადასტურებული, მათგან 258 ადამიანი გარდაიცვალა.


