"დღევანდელი მონაცემები დამაიმედებელია, მაგრამ ეს დამშვიდების საფუძველს არ იძლევა"
05/05/2020 18:24:56 საზოგადოება
"რაც ეპიდემია დაიწყო მას შემდეგ დღევანდელი მონაცემები ყველაზე დამაიმედებელია, მაგრამ, ეს დამშვიდების საფუძველს არ იძლევა, რადგან, ეს შედეგები მიღწეულია საგანგებო ზომების პირობებში", – ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ ტელეკომპანია "პირველის" ეთერში განაცხადა.
"საგანგებო ზომებმა და შეზღუდვებმა იმუშავა. ამან შეუწყო ხელი, რომ ბოლო რამდენიმე დღეში 10-ზე მეტი შემთხვევა არ ფიქსირდება. სანამ ჯერ კიდევ ტარდება ეს საგანგებო ზომები, უნდა მივაღწიოთ დღევანდელი მდგომარეობის კიდევ უფრო გაუმჯობესებას. დღეში სადღაც 10 შემთხვევაზე მეტი არ უნდა დაფიქსირდეს – ეს იქნება, რომ ეპიდემია წავიდა დამავალი გზით, რადგან ყოველდღე 10-ზე გაცილებით მეტი იკურნება. ანუ, გამოჯანმრთელებულების რაოდენობა უნდა იყოს მეტი, ვიდრე ახლადინფიცირებულების", – განაცხადა ცერცვაძემ.
მისივე თქმით, შეზღუდვების შემსუბუქებასთან ერთად აუცილებელია, მოსახლეობამ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის რეკომენდაციები ზედმიწევნით შეასრულოს.
მეორე დღეა, საქართველოს ყოველდღიურ მაჩვენებელში ახლი კორონავირუსისგან გამოჯანმრთლებულთა რიცხვი ინფიცირებულებისას აჭარბებს. ბოლო მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 604 შემთხვევაა დადასტურებული, აქედან 240 გამოჯანმრთელებულია, ხოლო 9 გარდაიცვალა. გარდა ამისა, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 3 მოქალაქე.


