
კვლევა: თბილისში ჰაერის დაბინძურების მაჩვენებელი გაუარესდა
11/06/2019 08:19:40 სხვა, საზოგადოება
თბილისში ჰაერის დაბინძურების მაჩვენებელი გაუარესდა, – ამის შესახებ „საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის“ კვლევის შედეგებშია ნათქვამი.
ორგანიზაციამ წერეთლის გამზირზე არსებული მდგომარეობა შეისწავლა, სადაც გარემოს ეროვნული სააგენტოს ატმოსფერული ჰაერის მზომი მდებარეობს. აღნიშნული სადგურის მონაცემებით, მოჭარბებული დამაბინძურებლები პირდაპირ კავშირშია ავტოტრანსპორტის ნაკადების ზრდასთან.
კვლევის ავტორების განცხადებით, აზოტის დიოქსიდის მაჩვენებელი წინა წლებთან შედარებით 58%-ით არის გაზრდილი, რაც უშუალოდ ავტომობილების გამონაბოლქვთან არის კავშირში.
ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ აუცილებელია, სრული სიმკაცრით ამოქმედდეს ავტომობილების ტექნიკური დათვალიერება, აიკრძალოს ტრანსპორტის გადაადგილება კატალიზატორის გარეშე და შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ტრანსპორტის გზისპირა კონტროლი სპეციალური აპარატურით მოხდეს. რაც შეეხება საწვავს, კვლევის მიხედვით, ამ ეტაპზე პრობლემას დიზელის საწვავზე მომუშავე ავტომობილებიც წარმოადგენს.