მედია – რუსეთში დამცავი აღჭურვილობის დეფიციტის გამო პრეტენზიის გამოთქმისთვის ფანჯრიდან უკვე მე–3 ექიმი „გადავარდა“
03/05/2020 20:37:10 მსოფლიო
რუსეთში დამცავი აღჭურვილობის დეფიციტის გამო პრეტენზიის გამოთქმისთვის სხვადასხვა საავადმყოფოს ფანჯრიდან უკვე მე–3 ექიმი „გადავარდა“,– იუწყება The Sun.
ბოლო შემთხვევა ქალაქ ვორონეჟში დაფიქსირდა. ექიმი ალექსანადრე შულეპოვი მეორე სართულის ფანჯრიდან "გადავარდა". 37 წლის შულეპოვმა თავის კოლეგა ალექსანდრე კოსიაკინთან ერთად ვიდეო ჩაწერა, რომელშიც ამბობს, რომ თავად ახალი კორონავირუსი დაუდასტურდა, თუმცა საავადმყოფოს ხელმძღვანელობა მუშაობის გაგრძელებას აიძულებს. ამასთან, შულეპოვის თქმით, ექიმებს დამცავი ტანსაცმლით არ უზრუნველყოფდნენ და Covid-19-ზე ტესტირებას არ უკეთებდნენ. ამჟამად იგი ინტენსიური თერაპიის განყოფილებაშია და სიკვდილს ებრძვის.
შულეპოვის მსგავსად ნოვოსმანსკაიას ოლქში მდებარე საავადმყოფოს ფანჯრიდან „გადავარდა“ კიდევ ერთი ექიმი, რომელიც ხელმძღვანელობას დამცავი აღჭურვილობის დეფიციტზე ესაუბრებოდა. The Sun–ის ცნობით, მედიკოსი ამჟამად ინტენსიური თერაპიის განყოფილებაშია და სიკვდილს ებრძვის.
რაც შეეხება მსგავს პირველ შემთხვევას, რომელიც კრასნოიარსკში ომის ვეტერანების სამხარეო ჰოსპიტალში მოხდა, მეხუთე სართულის ფანჯრიდან „გადავარდნილი“ ექიმი ინციდენტიდან 1 კვირაში დაიღუპა. მედიის ცნობით, მედიკოსი, რომელიც კლინიკაში კოვიდინფიცირებულების განთავსებას დამცავი საშუალებების მწვავე დეფიციტისა და პერსონალის საერთო მოუმზადებლობის გამო ეწინააღმდეგებოდა, ჯანდაცვის საოლქო სამსახურის ხელმძღვანელთან თათბირის დროს საავადმყოფოს მეხუთე სართულის ფანჯრიდან "გადავარდა".


