Accentnews.ge
მედია – რუსი ექიმი, რომელიც ხელმძღვანელობას დამცავი აღჭურვილობის დეფიციტზე ესაუბრებოდა, მე–5 სართულის ფანჯრიდან „გადავარდა“

მედია – რუსი ექიმი, რომელიც ხელმძღვანელობას დამცავი აღჭურვილობის დეფიციტზე ესაუბრებოდა, მე–5 სართულის ფანჯრიდან „გადავარდა“

27/04/2020 09:46:50 მსოფლიო

კრასნოიარსკში ომის ვეტერანების სამხარეო ჰოსპიტალის მეხუთე სართულის ფანჯრიდან მთავარი ექიმის მოვალეობის შემსრულებელი გადავარდა. შემთხვევა გასულ შაბათს მოხდა. ქალი უმძიმეს მდგომარეობაში საავადმყოფოში მოათავსეს და სასწრაფოდ ოპერაცია ჩაუტარეს. ამჟამად იგი რეანიმაციულ განყოფილებაში იმყოფება, მედიკოსები პროგნოზებს არ აკეთებენ, - იუწყება “ნოვაია გაზეტა”.

ინციდენტამდე ორი კვირით ადრე ჰოსპიტალი, რომელშიც 47 წლის ელენა ნეპომნიაშჩაია მუშაობდა, კორონავირუსის მქონე პაციენტების მიმღებ კლინიკად გადააკეთეს. როგორც “ნოვაია” სამართალდამცველ ორგანოებში არსებულ წყაროებზე დაყრდნობით იუწყება, ამ საქმეში კრიმინალი ჯერ-ჯერობით არ იკვეთება, თუმცა გამოძიება არ დასრულებულა.

ტელეარხ ТВК-ს ცნობით, ტრაგედია ჯანდაცვის საოლქო სამსახურის ხელმძღვანელ ბორის ნემიკთან სელექტორალური თათბირის დროს მოხდა, რომელზეც ჰოსპიტალის ერთ-ერთი კორპუსისთვის პროფილის შეცვლისა და იქ კორონავირუსით დაავადებული 80 პაციენტის განთავსების საკითხი განიხილებოდა. მისივე მტკიცებით, მთავარი ექიმის მოვალეობის შემსრულებელი ამ გადაწყვეტილებას შეეწინააღმდეგა, მიზეზად კი დამცავი საშუალებების მწვავე დეფიციტი და პერსონალის საერთო მოუმზადებლობა დაასახელა. თუმცა როგორც “ნოვაია გაზეტა” აღნიშნავს, ჰოსპიტალისთვის პროფილის შეცვლის გადაწყვეტილება დიდი ხნით ადრე – ჯერ კიდევ 27 მარტს იყო მიღებული, ტრაგედიამდე 10 დღით ადრე კი კორპუსი, რომელზეც თათბირზე იყო საუბარი, უკვე დაცლილი იყო სხვა დაავადებების მქონე პაციენტებისგან.

კვირას რუსეთის ჯანდაცვის სამინისტრომ ოფიციალურად უარყო ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ქალი ფანჯრიდან თათბირის მსვლელობისას გადავარდა.

ცნობისთვის: მსოფლიოში COVID-19–მა 207 000 –ზე მეტი ადამიანი იმსხვერპლა, ინფიცირებულთა რაოდენობამ 2 990 000–ს გადააჭარბა, 882 000–მდე დაავადებული კი გამოჯანმრთელდა. ამ დროისთვის COVID-19–ის საწინააღმდეგო არც ვაქცინა და არც კონკრეტული პრეპარატი არ არსებობს, თუმცა ვირუსისგან განკურნება სიმპტომური მკურნალობით არის შესაძლებელი.

ბოლო მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 496 შემთხვევაა დადასტურებული, აქედან 149 გამოჯანმრთელებულია, ხოლო 6 გარდაიცვალა. გარდა ამისა, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 3 მოქალაქე.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S