
თურნავას ცნობით, რიგ უცხოურ კომპანიებს მომარაგების ჯაჭვის ნაწილის ჩინეთიდან საქართველოში გადმოტანა სურთ
01/05/2020 13:42:30 ეკონომიკა
საქართველოს ეკონომიკის მინისტრის ნათია თურნავა აცხადებს, რომ იაპონურ, სამხრეთკორეულ და გერმანულ კომპანიებს სურთ, თავიანთი მომარაგების ჯაჭვის ნაწილი საქართველოში გადმოიტანონ.
"კომპანიები ფიქრობენ, რომ მომავალში საფრთხე რომ არ გაუჩნდეთ, დივერსიფიკაცია უნდა გააკეთონ და არა მარტო ჩინეთით, არამედ ჩინეთი +1, +2, +3 კომბინაციით. ანუ, 1, 2, 3 ალტერნატიული პლატფორმა გამოიყენონ. ჩვენ ვიქნებით ჩინეთი +1. +1 უნდა ვიყოთ ყველაფერში, მათ შორის – სწრაფად დავძლიოთ გამოწვევები და გავხსნათ ბაზარი ახალი ინვესტიციებისთვის და ვაწარმოებთ მოლაპარაკებებს. არ მინდა, ნაადრევად გავაჟღერო, რადგან ეს ჯერ კიდევ მოლაპარაკებებია, მაგრამ მერწმუნეთ, რომ კომპანიები, იაპონური, სახმრეთკორეული, გერმანული, უკვე გამოთქვავენ სურვილს, თავისი მიწოდების ჯაჭვის რაღაც ნაწილი გადმოიტანონ საქართველოში. ჩვენ ვთავაზობთ მიმზიდველ, დემოკრატიულ ბიზნესგარემოს, სტაბილურ ეკონომიკას, გამჭვირვალე კანონმდებლობას, დაბალ გადასახადებს და განახლებულ პროგრამებს, რომელიც პოსტკრიზისული გეგმის ფარგლებში იქნება ჩვენი მხრიდან წარდგენილი და ბევრს ვმუშაობთ იმაზე, თუ რითი წავახალისოთ ეს პროცესი. ყველაფერთან ერთად დამატებით ბერკეტებსაც შევთავაზებთ ასეთ ბიზნესებს, რომ ვაჩვენოთ თუნდაც ჩვენი პოლიტიკური ნება, რამდენად გახსნილები ვართ, ჩვენ რომ ნომერ პირველი არჩევანი ვიყოთ მათთვის”,– განაცხადა თემის კომენტირებისას ნათია თურნავამ.
ამასთან, მისი ცნობით, საქართველოში ენერგეტიკის ბაზარზე იაპონური კომპანია „ტეპკო“ შემოვიდა:
„ამ დღეებში გახდა ცნობილი, რომ იაპონიის ერთ-ერთი გიგანტი კომპანია ტეპკო შემოვიდა ჩვენს ენერგეტიკაში. ეს არის ყველაზე დიდი პირდაპირი იაპონური ინვესტიცია საქართველოს ისტორიაში“.