გაურკვეველი ანთებითი სინდრომი უკვე 6 ქვეყანაში 100–მდე ბავშვს დაუდგინდა
30/04/2020 07:11:30 მსოფლიო
გაურკვეველი ანთებითი სინდრომი, რომელიც შესაძლოა, Covid-19–თან იყოს დაკავშირებული, უკვე 6 ქვეყანაში 100–მდე ბავშვს დაუდგინდა.
ბრიტანეთის გარდა, გაურკვეველი ანთებითი სინდრომი ბავშვებში იტალიაში, ესპანეთში, საფრანგეთში, შვეიცარიასა და აშშ–შიც დაფიქსირდა.
საფრანგეთის ჯანდაცვის მინისტრ ოლივიერ ვერანის განცხადებით, ქვეყანაში 10–ზე მეტი ბავშვია მსგავსი სინდრომით დაავადებული.
როგორც ამერიკული მედია იუწყება, ამ დროისთვის აშშ–ში ამ სინდრომის მქონე 6 ბავშვს მკურნალობენ. მათი ასაკი 6 თვიდან 8 წლამდე მერყევობს 6–ვე მათგანი Covid-19–ით არის ინფიცირებული.
ბავშვები მკურნალობას ნიუ – იორკის კოლუმბიის უნივერსიტეტის სამედიცინო ცენტრში გადიან და მათ მაღალი ტემპერატურა, გულის პრობლემები და ნაწლავების ანთება აღენიშნებათ.
„ამ ეტაპზე ჩვენ ვიკვლევთ, რა დაავადებაა ეს“, – განაცხადა კოლუმბიის უნივერსიტეტის სამედიცინო ცენტრის ექიმმა მარკ გორელიკმა.
შეგახსენებთ, რომ 27 აპრილს ბრიტანელმა ექიმებმა საგანგებო გაფრთხილება გაავრცელეს, რადგან, მათი თქმით, „ბავშვებში შესაძლოა, ახალ კორონავირუსთან დაკავშირებული ჯანმრთელობის პრობლემები წარმოიშვას“.
„ბოლო სამი კვირის განმავლობაში აშკარად გაიზარდა ყველა ასაკის ბავშვთა რაოდენობა, რომლებსაც აღენიშნებათ მულტისისტემური ანთებითი სინდრომი, რომელიც ინტენსიურ მკურნალობას მოითხოვს. ასეთი მდგომარეობაა ლონდონსა და გაერთიანებული სამეფოს სხვადასხვა რეგიონებში“, – ნათქვამია ეროვნული ჯანდაცვის სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
რამდენ ბავშვს აღენიშნება Covid-19–თან დაკავშირებული ანთებითი სინდრომი ჯერ–ჯერობით უცნობია, თუმცა ექიმების განცხადებით, დაავადება გამოვლინდა იმ ბავშვებში, რომლებსაც ახალი კორონავირუსი დაუდასტურდათ და იმ ბავშვებშიც, რომლებსაც Covid-19 არ დაუდგინდათ.
„ეს ანთებითი სინდრომი ხასიათდება Covid-19–ის მწვავე სიმპტომებით, ასევე ტოქსიკური შოკისა და ატიპიური კავასაკის დაავადების გარკვეული მახასიათებლებით. ამასთან, მუცლის ტკივილი, გულისა და კუჭ-ნაწლავის პრობლემები ამ სინდრომის ძირითადი დამახასიათებელი ნიშანია“, – აცხადებენ ეროვნული ჯანდაცვის სამსახურში და ექიმებს მოუწოდებენ, მსგავსი სიმპტომების მქონე პაციენტებს ყურადღება დაუყოვნებლივ მიაქციონ.
ამჟამად მეცნიერები კოროვირუსული პანდემიისა და კავასაკის დაავადებას შორის შესაძლო კავშირს იკვლევენ. კავასაკი მწვავე ანთებითი დაავადებაა ბავშვებში, რომელიც მაღალ ტემპარატურასა და არტერიების შეშუპებას იწვევს.
ცნობისთვის: მსოფლიოში COVID-19–მა 228 000 –ზე მეტი ადამიანი იმსხვერპლა, ინფიცირებულთა რაოდენობამ 3 220 000–ს გადააჭარბა, 1 002 000–მდე დაავადებული კი გამოჯანმრთელდა. ამ დროისთვის COVID-19–ის საწინააღმდეგო არც ვაქცინა და არც კონკრეტული პრეპარატი არ არსებობს, თუმცა ვირუსისგან განკურნება სიმპტომური მკურნალობით არის შესაძლებელი.
ბოლო მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 539 შემთხვევაა დადასტურებული, აქედან 178 გამოჯანმრთელებულია, ხოლო 6 გარდაიცვალა. გარდა ამისა, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 3 მოქალაქე.


