Accentnews.ge
ბრიტანელმა ექიმებმა განგაშის ზარს შემოჰკრეს – „ბავშვებში შესაძლოა, კორონავირუსთან დაკავშირებული ჯანმრთელობის პრობლემები წარმოიშვას“

ბრიტანელმა ექიმებმა განგაშის ზარს შემოჰკრეს – „ბავშვებში შესაძლოა, კორონავირუსთან დაკავშირებული ჯანმრთელობის პრობლემები წარმოიშვას“

27/04/2020 10:46:21 მსოფლიო

ბრიტანელმა ექიმებმა საგანგებო გაფრთხილება გაავრცელეს, რადგან, მათი თქმით, „ბავშვებში შესაძლოა, ახალ კორონავირუსთან დაკავშირებული ჯანმრთელობის პრობლემები წარმოიშვას“.

„ბოლო სამი კვირის განმავლობაში აშკარად გაიზარდა ყველა ასაკის ბავშვთა რაოდენობა, რომლებსაც აღენიშნებათ მულტისისტემური ანთებითი სინდრომი, რომელიც ინტენსიურ მკურნალობას მოითხოვს. ასეთი მდგომარეობაა ლონდონსა და გაერთიანებული სამეფოს სხვადასხვა რეგიონებში“, – ნათქვამია ეროვნული ჯანდაცვის სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

რამდენ ბავშვს აღენიშნება Covid-19–თან დაკავშირებული ანთებითი სინდრომი ჯერ–ჯერობით უცნობია, თუმცა ექიმების განცხადებით, დაავადება გამოვლინდა იმ ბავშვებში, რომლებსაც ახალი კორონავირუსი დაუდასტურდათ და იმ ბავშვებშიც, რომლებსაც Covid-19 არ დაუდგინდათ.

„ეს ანთებითი სინდრომი ხასიათდება Covid-19–ის მწვავე სიმპტომებით, ასევე ტოქსიკური შოკისა და ატიპიური კავასაკის დაავადების გარკვეული მახასიათებლებით. ამასთან, მუცლის ტკივილი და კუჭ-ნაწლავის პრობლემები ამ სინდრომის ძირითადი დამახასიათებელი ნიშანია“, – აცხადებენ ეროვნული ჯანდაცვის სამსახურში და ექიმებს მოუწოდებენ, მსგავსი სიმპტომების მქონე პაციენტებს ყურადღება დაუყოვნებლივ მიაქციონ.

ბოლო მონაცემებით, Covid-19–ით გარდაცვლილთა რაოდენობამ 20 000–ს გადააჭარბა, ინფიცირებულია 150 000–ზე მეტი.

ცნობისთვის: მსოფლიოში COVID-19–მა 207 000 –ზე მეტი ადამიანი იმსხვერპლა, ინფიცირებულთა რაოდენობამ 3 000 000–ს გადააჭარბა, 882 000–მდე დაავადებული კი გამოჯანმრთელდა. ამ დროისთვის COVID-19–ის საწინააღმდეგო არც ვაქცინა და არც კონკრეტული პრეპარატი არ არსებობს, თუმცა ვირუსისგან განკურნება სიმპტომური მკურნალობით არის შესაძლებელი.

ბოლო მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 496 შემთხვევაა დადასტურებული, აქედან 149 გამოჯანმრთელებულია, ხოლო 6 გარდაიცვალა. გარდა ამისა, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 3 მოქალაქე.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S