Accentnews.ge
ბრიტანეთის გარდა, ბავშვებში გაურკვეველი ანთებითი სინდრომი იტალიაში, ესპანეთსა და აშშ–შიც დაფიქსირდა

ბრიტანეთის გარდა, ბავშვებში გაურკვეველი ანთებითი სინდრომი იტალიაში, ესპანეთსა და აშშ–შიც დაფიქსირდა

29/04/2020 07:36:48 მსოფლიო

ბრიტანეთის გარდა, Covid-19–თან დაკავშირებული გაურკვეველი ანთებითი სინდრომი ბავშვებში იტალიაში, ესპანეთსა და აშშ–შიც დაფიქსირდა.

როგორც ამერიკული მედია იუწყება, ამ დროისთვის აშშ–ში ამ სინდრომის მქონე სამ ბავშვს მკურნალობენ. მათი ასაკი 6 თვიდან 8 წლამდე მერყევობს. სამივე მათგანი Covid-19–ით არის ინფიცირებული.

ბავშვები მკურნალობას ნიუ – იორკის კოლუმბიის უნივერსიტეტის სამედიცინო ცენტრში გადიან და მათ მაღალი ტემპერატურა, გულის პრობლემები და ნაწლავების ანთება აღენიშნებათ.

„ამ ეტაპზე ჩვენ ვიკვლევთ, რა დაავადებაა ეს“, – განაცხადა კოლუმბიის უნივერსიტეტის სამედიცინო ცენტრის ექიმმა მარკ გორელიკმა.

შეგახსენებთ, რომ 27 აპრილს ბრიტანელმა ექიმებმა საგანგებო გაფრთხილება გაავრცელეს, რადგან, მათი თქმით, „ბავშვებში შესაძლოა, ახალ კორონავირუსთან დაკავშირებული ჯანმრთელობის პრობლემები წარმოიშვას“.

„ბოლო სამი კვირის განმავლობაში აშკარად გაიზარდა ყველა ასაკის ბავშვთა რაოდენობა, რომლებსაც აღენიშნებათ მულტისისტემური ანთებითი სინდრომი, რომელიც ინტენსიურ მკურნალობას მოითხოვს. ასეთი მდგომარეობაა ლონდონსა და გაერთიანებული სამეფოს სხვადასხვა რეგიონებში“, – ნათქვამია ეროვნული ჯანდაცვის სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

რამდენ ბავშვს აღენიშნება Covid-19–თან დაკავშირებული ანთებითი სინდრომი ჯერ–ჯერობით უცნობია, თუმცა ექიმების განცხადებით, დაავადება გამოვლინდა იმ ბავშვებში, რომლებსაც ახალი კორონავირუსი დაუდასტურდათ და იმ ბავშვებშიც, რომლებსაც Covid-19 არ დაუდგინდათ.

„ეს ანთებითი სინდრომი ხასიათდება Covid-19–ის მწვავე სიმპტომებით, ასევე ტოქსიკური შოკისა და ატიპიური კავასაკის დაავადების გარკვეული მახასიათებლებით. ამასთან, მუცლის ტკივილი და კუჭ-ნაწლავის პრობლემები ამ სინდრომის ძირითადი დამახასიათებელი ნიშანია“, – აცხადებენ ეროვნული ჯანდაცვის სამსახურში და ექიმებს მოუწოდებენ, მსგავსი სიმპტომების მქონე პაციენტებს ყურადღება დაუყოვნებლივ მიაქციონ.

ამჟამად იტალიელი და ბრიტანელი მეცნიერები კოროვირუსული პანდემიისა და კავასაკის დაავადებას შორის შესაძლო კავშირს იკვლევენ. კავასაკი მწვავე ანთებითი დაავადებაა ბავშვებში, რომელიც მაღალ ტემპარატურასა და არტერიების შეშუპებას იწვევს.

ცნობისთვის: მსოფლიოში COVID-19–მა 218 000 –ზე მეტი ადამიანი იმსხვერპლა, ინფიცირებულთა რაოდენობამ 3 100 000–ს გადააჭარბა, 960 000–მდე დაავადებული კი გამოჯანმრთელდა. ამ დროისთვის COVID-19–ის საწინააღმდეგო არც ვაქცინა და არც კონკრეტული პრეპარატი არ არსებობს, თუმცა ვირუსისგან განკურნება სიმპტომური მკურნალობით არის შესაძლებელი.

ბოლო მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 517 შემთხვევაა დადასტურებული, აქედან 168 გამოჯანმრთელებულია, ხოლო 6 გარდაიცვალა. გარდა ამისა, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 3 მოქალაქე.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S