
თელავის აგრარული ბაზარი გახსნიდან რამდენიმე საათში დაიკეტა
27/04/2020 10:01:14 ეკონომიკა
თელავის აგრარული ბაზარი დღეს დილით გაიხსნა, თუმცა ბაზრის ადმინისტრაცია დაჯარიმდა და ბაზარი დაიკეტა.
როგორც თელავის მერიაში განმარტეს, ბაზრის ადმინისტრაციამ არ შეასრულა საკოორდინაციო საბჭოსა და ეპიდემიოლოგების მიერ გაცემული რეკომენდაციები.
ჯერ–ჯერობით უცნობია, თუ როდის გაიხსნება თელავის აგრარული ბაზარი.
„ბაზარი გაურკვეველი ვადით დღის ბოლოდან დაიხურება. ბაზრის ადმინისტრაციას წესებისა და რეგულაციების ჩამონათვალი გადაეცა, რომელიც უნდა შეესრულებინა. ჩვენ გვესმის მოვაჭრეების პოზიცია და ამიტომ, ბაზარი დღის ბოლომდე იქნება ღია, რომ მათ აღებული პროდუქციის რეალიზაცია მოახდინონ“, – აღნიშნა თელავის მერმა.
შეგახსენებთ, რომ კორონავირუსის გამო დაწესებული საგანგებო სიტუაციის შედეგად დაწესებული შეზღუდვების ნაწილობრივ შემსუბუქება დღეიდან დაიწყო. ერთ-ერთი შეზღუდვა სწორედ აგრარულ ბაზრებს შეეხო, მაგრამ მათ მკაცრი რეკომენდაციების დაცვაც დაევალათ.
როგორც დღეს სოფლის მეურნეობის მინისტრმა განაცხადა, რეგისტრირებული ბაზრების უმეტესობა ამ ეტაპზე მოთხოვნებს ვერ აკმაყოფილებს.