
დავითაშვილი: „სამინისტრო ახორციელებს ყველა ღონისძიებას, რაც აუცილებელია ხორბლის კრიტიკული მარაგების შესავსებად“
27/04/2020 09:24:01 ეკონომიკა
სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა პოპულისტური უწოდა ოპოზიციონერთა განცხადებებს ხორბლის მარაგებთან დაკავშირებით რუსეთის გადაწყვეტილების ფონზე და ირწმუნება, რომ საქართველო ხორბლით შეუფერხებლად მარაგდება.
„სრული პასუხისმგებლობა გვაქვს აღებული, რომ საქართველოს ხორბლით მომარაგება შეუფერხებელი იყოს. საქართველოში პურის ფასი შენარჩუნებული და გაკონტროლებულია – მუშაობს ქმედითი მექანიზმები, რათა ეს ჩვენს მოსახლეობას დამატებით ტვირთად არ დააწვეს, მეორე – ხორბლის მარაგების არსებობის კითხვის ნიშანი არ დასმულა, რადგან სამინისტრო აკეთებს რუტინულ მონიტორინგს და ახდენს ყველა იმ ღონისძიების ჩატარებას, რაც აუცილებელია ქვეყანაში არსებული მინიმალური კრიტიკული მარაგების შესავსებად“,– განაცხადა დავითაშვილმა.
ცნობისათვის, 2020 წლის 1 აპრილს რუსეთის სოფლის მეურნეობის სამინისტრომ მარცვლეული კულტურების ექსპორტზე არასატარიფო კვოტა დააწესა, საუბარი იყო 7 მლნ ტონა პროდუქციაზე. როგორც რუსული მედია წერს, ეს კვოტა ქვეყანამ სრულად ამოწურა. ამიტომ სამინისტრომ მიიღო გადაწყვეტილება ექსპორტის აკრძალვაზე.
კერძოდ, რუსეთის სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, აღნიშნული აკრძალვა ძალაში 2020 წლის 1-ელ ივლისამდე იქნება. ექსპორტის შეზღუდვა არ შეეხებათ მხოლოდ ევრაზიული ეკონომიკური კავშირის ქვეყნებს.