„ქართული ოცნება“ კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობას მალავს"
25/04/2020 14:14:07 საზოგადოება
"მარინა ეზუგბაიას წამოცდენამ ცხადი გახადა, რომ „ქართული ოცნება“ მალავს ახალი კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობას", - ამის შესახებ ყოფილი პრემიერ-მინისტრი ვანო მერაბიშვილი სოციალურ ქსელში წერს.
„არ იქნება ტესტირება, არ გვეყოლება ინფიცირებული” - უფრო სწორად, არ გვექნება ინფორმაცია მათ შესახებ - ეს არის „ოცნების მთავრობის სტრატეგია“. წლების მანძილზე, ანალოგიურად აყალბებდა „ოცნება“ დანაშაულის რეალურ სტატისტიკას, ინფლაციის მაჩვენებლებს, უმუშევართა რაოდენობას და ა.შ.
მოსახლეობამ უნდა იცოდეს, რომ ერთ სულ მოსახლეზე ჩატარებული ტესტების რაოდენობით, საქართველო მნიშვნელოვნად ჩამორჩება არა მხოლოდ ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებს, არამედ მეზობელ ქვეყნებსაც.
მაშინ, როცა ეკონომიკა გაჩერებულია და ხელისუფლება დაბალი რიცხვებით იწონებს თავს, აღმოჩნდა, რომ ეს მონაცემები ივანიშვილის მთავრობის მორიგ აფიორას ეფუძნება.
კატეგორიულად მოვითხოვთ მთავრობისგან, შეწყდეს სტატისტიკის გაყალბება, ჩატარდეს ფართომასშტაბიანი ტესტირება და მოსახლეობამ მიიღოს რეალური ინფორმაცია არსებული ვითარების შესახებ“, - წერს მერაბიშვილი.
ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა მარინა ეზუგბაიამ დღეს განაცხადა, რომ დღე-ღამეში კორონავირუსით ინფიცირების 25 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, რაც იმით არის განპირობებული, რომ მთელი ქვეყნის მასშტაბით ბევრი აგრესიული კვლევა ჩატარდა.
“გუშინ დილიდან დღემდე 25 ახალი დადასტურებული შემთხვევა დაგვემეტა და გახდა 456. გამოჯანმრთელებულის რაოდენობაც ასევე დიდია - 18 ახალი გამოჯანმრთელებულია და ამ ეტაპზე ჯამში - 132. კლინიკებში ერთად 323 პაციენტი მკურნალობს. გუშინდელი დღე იყო დღე, როდესაც ჩატარდა ძალიან დიდი რაოდენობით კვლევა მთელი ქვეყნის მასშტაბით, ეს იყო აგრესიული კვლევის შედეგები და პლუს ბოლნისის ყველა კონტაქტის კვლევა. ერთდროულად იყო ჩატარებული ტესტის მნიშვნელოვნად დიდი რაოდენობა წინა დღეებთან შედარებით და ეს 25 ახალი შემთხვევა ამ ჯამური მონაცემის შედეგია. ვიმედოვნებთ, რომ შემდგომ დღეებში აგრესიული ტესტის გარეშე ჩატარდება კვლევები და ეს მაჩვენებელი ასეთი არ იქნება”, - განაცხადა ეზუგბაიამ.
მოგვიანებით, თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი თენგიზ ცერცვაძე მარინა ეზუგბაიას განცხადებას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ მისმა კოლეგამ "დიდი ალბათობით, იგულისხმა, რომ საქართველო ეპიდემიის შეჩერებას მოახერხებს".
იხილეთ ასევე: ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნია: "მოსახლეობაში ახალი კორონავირუსის უცნობი შემთხვევები მინიმალურია"
ბოლო მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 456 შემთხვევაა დადასტურებული, აქედან 139 გამოჯანმრთელებულია, ხოლო 5 გარდაიცვალა. გარდა ამისა, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 3 მოქალაქე.


