
გაიზრდება თუ არა პურის ფასი – სოფლის მეურნეობის მინისტრის განმარტება
23/04/2020 09:31:54 ეკონომიკა
სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი აცხადებს, რომ სადღეისოდ საქართველოში პურის ფასის ზრდის წინაპირობა არ არსებობს.
მისი თქმით, ფასის სტაბილურობის საკითხებზე საწარმოებთან ინტენსიური კომუნიკაცია მიმდინარეობს.
„პურის ფასის სტაბილურობა ძალიან მნიშვნელოვანია, განსაკუთრებით იმ პირობებში, როდესაც ჩვენ ვხედავთ, რომ მოსახლეობის სოციალური ფონი უფრო მძიმეა კორონავირუსთან ბრძოლის ფარგლებში, შეზღუდვების პირობებში. ამიტომ, ძალიან ინტენსიური კომუნიკაცია გვაქვს პურის მრეწველთა კავშირთან, ასევე თვითონ ინდივიდუალურად საწარმოებთან, რათა პურის ფასი შევინარჩუნოთ. მაგრამ მხოლოდ კომუნიკაცია ან მხოლოდ ადმინისტრაციული გადაწყვეტილებები დაფიქსირებული ფასის, რა თქმა უნდა, ვერ მოგვცემს გადაწყვეტის საშუალებას, ეს შეუძლებელია. ჩვენ ქმედითი მექანიზმები უნდა შევთავაზოთ სექტორს და ქმედითი მექანიზმი იყო ზუსტად ის პროგრამა, რომელიც სახელმწიფომ აამუშავა“, – განაცხადა ლევან დავითაშვილმა.
მისი თქმით, პროგრამა ორ კომპონენტს მოიცავდა:
„ერთი – დეფიციტის პირობებში, როდესაც რეგიონში ჩვენ ვხედავთ გაზრდილ მოთხოვნას განსაკუთრებით ზოგიერთ აგროსასურსათო პროდუქტზე, ეს პირველ რიგში სასურსათო უსაფრთხოების მნიშვნელოვან კატეგორიას, ხორბალს ეხება, ჩვენი მიზანი იყო წაგვეხალისებინა ქვეყანაში მეტი მარაგის შექმნა და მეტი მარაგი იქმნება იმ დაზღვევის მექანიზმით, რომელიც იმპორტიორ კომპანიებს შევთავაზეთ. მეორე – ძალიან მნიშვნელოვანი პირობა იმისთვის, რომ მათ მიიღონ მონაწილეობა პროგრამაში და მიიღონ სუბსიდირება. სუბსიდიის თანხა არის კონკრეტული პასუხისმგებლობა, რომ ფქვილის ფასი, რომელიც ძირითადი ინგრედიენტია პურის წარმოებაში, იყოს დაფიქსირებული. აქ დავაწესეთ უმაღლესი ზღვარი, რომ კონკრეტულად, ტომარა ფქვილის ფასი არ აღემატება 51 ლარს, ეს არის მნიშვნელოვანი წინაპირობა იმისა, რომ პურის ფასი არ გაძვირდეს“, – განმარტა სოფლის მეურნეობის მინისტრმა.
მისი თქმით, ასევე ძალიან მნიშვნელოვანია ენერგომატარებლების კომპონენტი, რომელიც პურის ფასში მონაწილეობს.
„ძირითადმა კომპანიებმა, რომლებიც გზას აწვდიან ჩვენს პურის საცხობებს, 10 თეთრით შეამცირეს ტარიფი. ეს არის ორი ძალიან მნიშვნელოვანი კომპონენტი, რომელიც მონაწილეობს პურის თვითღირებულებაში. შესაბამისად წინაპირობები იმისა, რომ პურის ფასი გაიზარდოს, დღეს არ არსებობს და ეს არის ის ქმედითი მექანიზმები, რომლითაც ჩვენ ფასის კონტროლს შევძლებთ და არა კონკრეტული ადმინისტრაციული გადაწყვეტილებით“.