
ზუგდიდის ბაზარი მუშაობას 23 აპრილიდან ნაწილობრივ განაახლებს
22/04/2020 14:37:24 რეგიონები, ეკონომიკა
სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის ალექსანდრე მოწერელიას განცხადებით, 23 აპრილიდან ზუგდიდის აგრარული ბაზრის ნაწილი ფუნქციონირებას შეძლებს. კერძოდ, აგრარულ ბაზარში ადმინისტრაციულ შენობაში მდებარე სასურსათო მაღაზიები და ხილ-ბოსტნის სექცია დაიწყებს მუშაობას.
ზუგდიდის აგრარულ ბაზარში დაცული იქნება ჰიგიენურ-სანიტარული ნორმები, სურსათის ეროვნული სააგენტოს და ჯანდაცვის უწყების რეკომენდაციები, ტერიტორიაზე რიგებს მოხალისეები, სამართალდამცველები და ზედამხედველობის სამსახურის წარმომადგენლები გააკონტროლებენ. ბაზარში შესასვლელად მოქალაქეებს აუცილებლად უნდა ჰქონდეთ პირბადე.
ზუგდიდის აგრარული ბაზარი 16 აპრილს დროებით დაიხურა, მიზეზი წინასადღესასწაულო პერიოდში მოქალაქეთა რიგების მოუწესრიგებლობა გახდა.
მუშაობა განაახლა ფოთის ბაზარში მდებარე სასურსათო მაღაზიებმა.