
მარნეულში საპროტესტო აქცია დასრულდა
22/04/2020 12:47:35 რეგიონები
მარნეულში საპროტესტო აქცია დასრულდა. აქციის მონაწილეებმა სოფელ შულავერთან გადაკეტილი გზა გახსნეს და ტერიტორიას ტოვებენ.
აქციის მონაწილეების თქმით, მათსა და ადგილობრივ ხელისუფლებას შორის შეთანხმება შედგა და მიიღეს პირობა, რომ მოსავლის რეალიზებასთან დაკავშირებით პრობლემები აღარ შეექნებათ.
ცნობისთვის: დღეს მარნეულში რამდენიმე სოფლის მოსახლეობამ საპროტესტო აქცია გამართა. მათი თქმით, საგანგებო მდგომარეობის პირობებში დაწესებული შეზღუდვების გამო პროდუქტების რეალიზებას ვერ ახდენენ. საპროტესტო აქციაზე მივიდა ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებული შოთა რეხვიაშვილი, რასაც მასსა და “ევროპული საქართველოს” წევრ ახმედ იმამკულიევს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოჰყვა. მხარის რწმუნებულმა აქციის მონაწილეებს მიმართა და დაჰპირდა, რომ შეეცდებიან, მარნეულიდან მეტი პროდუქტის რეალიზება მოხდეს. შოთა რეხვიაშვილმა აქციას პოლიტიკურად მართული უწოდა.