CNN: მანაუსში მასობრივ სამარხს ამზადებენ
22/04/2020 05:53:11 მსოფლიო
ბრაზილიის ჩრდილოეთ ნაწილში, ამაზონასის შტატის ქალაქ მანაუსში მასობრივ სამარხს ამზადებენ. ინფორმაციას ამის შესახებ ტელეკომპანია CNN ავრცელებს.
როგორც ტელეკომპანიას ქალაქის მერიაში განუცხადეს, კორონავირუსის პანდემიის გამო მანაუსში ყოველდღიურად 100-ზე მეტ გარდაცვლილს კრძალავენ. პანდემიამდე ეს რიცხვი საშუალოდ დღეში 30-ს წარმოადგენდა.
ქალაქის მერი არტურ ვირჯილიო ნეტო ამბობს, რომ ადგილობრივი ჯანდაცვის სისტემა კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობას ვერ უმკლავდება.
„იმის მიუხედავად, რომ ჩვენ ასეთ კრიტიკულ მდგომარეობაში ვცხოვრობთ, სავარაუდოდ, მთელი ქვეყნის მასშტაბით ყველაზე სერიოზულ ვითარებაში, ჩვენ არ მიგვიღია დახმარება ფედერალური მთავრობისგან“, – აცხადებს ქალაქის მერი.
ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის მონაცემებით, ბრაზილიაში კორონავირუსის 43 ათასზე მეტი შემთხვევა გამოვლენილი, გარდაცვლილია 2 741 ადამიანი.


