Accentnews.ge
დააკავეს კაცი, რომელსაც მოზარდი გაუპატიურებაში ადანაშაულებდა და მისგან შვილი ეყოლა

დააკავეს კაცი, რომელსაც მოზარდი გაუპატიურებაში ადანაშაულებდა და მისგან შვილი ეყოლა

10/06/2019 08:18:36 სხვა, სამართალი

შს სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის ლაგოდეხის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა მოსამართლის განჩინების საფუძველზე, 1979 წელს დაბადებული ი. ბ. წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის გაუპატიურების ბრალდებით დააკავეს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ი.ბ. - მ 2018 წლის სექტემბერში, სოფელ კაბალში 16 წლის არასრულწლოვან გოგონასთან, მისი ნების საწინააღმდეგოდ, ძალადობის მუქარის გამოყენებით, დაამყარა სქესობრივი კავშირი. არასრულწლოვანი დაფეხმძიმდა და მიმდინარე წლის მაისში იმშობიარა.

როგორც შსს-ს განცხადებაშია მითითებული, პოლიციამ დანაშაულის შესახებ მას შემდეგ შეიტყო, რაც არასრულწლოვანმა ბავშვი გააჩინა:

„გამოძიების ფარგლებში ჩატარებული გენეტიკური ექსპერტიზის დასკვნის შედეგად დადგინდა, რომ ი. ბ. ახლად დაბადებული ბავშვის მამაა. გამოძიება არასრულწლოვნის მიმართ წინასწარი შეცნობით გაუპატიურების ფაქტზე მიმდინარეობს, სისხლის სამართლის კოდექსის 137-ე მუხლის მე-3 ნაწილის "დ" ქვეპუნქტით. დანაშაული 10-დან 13 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს“, - ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.

ინფორმაცია, 16 წლის გოგოს გაუპატიურების შესახებ რამდენიმე დღის წინ გავრცელდა. სამშობიარო ტკივილები მას სკოლაში, გაკვეთილზე დაეწყო. მოზარდის თქმით, რამდენიმე თვის წინ, მასზე მეზობელმა და მეგობრის მამამ იძალადა. როგორც გოგო ამბობს, კაცი მას დაემუქრა, რომ ამის შესახებ არავისთვის ეთქვა, თორემ ოჯახის წევრებს დაუხოცავდა. მოზარდმა კაცის ვინაობა მხოლოდ მას შემდეგ გაამხილა, რაც ბავშვი დაიბადა.

მოზარდის ოჯახი ამბობს, რომ მოძალადის ოჯახმა გაჩუმების სანაცვლოდ მათ ჯერ ოქრო შესთავაზა, შემდეგ კი მოძალადის 14 წლის ვაჟზე დაქორწინება.

თავდაპირველად შსს-მ გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის 140-ე მუხლით, რაც გულისხმობს სქესობრივ კავშირს ან სექსუალური ხასიათის სხვაგვარ მოქმედებას 16 წელს მიუღწეველ პირთან, თუმცა, საქმე გაუპატიურების მუხლით გადაკვალიფიცირდა.

გენეტიკური ექსპერტიზა ლევან სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროში რამდენიმე დღის წინ დაინიშნა.

კაცი, რომელსაც მოზარდი სექსუალურ ძალადობაში ადანაშაულებდა, რადიო თავისუფლებასთან საუბრისას კატეგორიულად უარყოფს ბრალდებას. ის ამბობდა, რომ თუკი გენეტიკური ექსპერტიზა დაადგენდა, რომ ახალშობილი მისი შვილია, მზად იყო ის შვილად აღიარებინა და ამასთანავე, პასუხი ეგო კანონით.

16 წლის მოზარდის ინტერესებს იცავს „ადამიანის უფლებათა ცენტრი“. როგორც ორგანიზაციის აღმასრულებელი დირექტორის მოადგილე, ნინო ტლაშაძე ეუბნება რადიო თავისუფლებას, ამჟამად, ცენტრი ითხოვს, რომ მოზარდთან მუშაობა დაიწყოს ფსიქოლოგმა:

„მისი მდგომარეობიდან გამომდინარე, აუცილებელია, რომ მოზარდთან ფსიქოლოგმა იმუშაოს. ის, რომ გოგონა მხნედ გამოიყურება და ჯანმრთელად, ეს იმას არ ნიშნავს, რომ მას ფსიქოლოგიური სტრესი არ აქვს და დახმარება არ სჭირდება. ჩვენ მოვუწოდებთ შესაბამის სამსახურებს, რომ უზრუნველყონ გოგოსთვის ფსიქოლოგის დახმარება“.

რამდენიმე დღის წინ, რადიო თავისუფლებასთან საუბრისას მოზარდის ადვოკატი ლია ხუროშვილი ამბობდა, რომ მოზარდმა და მისმა ოჯახმა ფსიქოლოგიურ დახმარებაზე უარი თქვა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S