ჩეხეთის პრეზიდენტი: "ქვეყნის საზღვრები ერთი წელი მაინც არ უნდა გაიხსნას"
20/04/2020 07:59:20 მსოფლიო
ჩეხეთის პრეზიდენტმა მილოშ ზემანმა ერთ-ერთი ადგილობრივი რადიოსადგურისთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ მოქალაქეების უცხოეთში გასვლაზე აკრძალვა სულ მცირე, ერთი წლით უნდა გახანგრძლივდეს, - იუწყება გამოცემა “Ceske Noviny”.
ზემანის აზრით, საზაფხულო არდადეგებისა და შვებულებების დროს უმჯობესია, მოქალაქეები უცხოეთში არ გავიდნენ და “ჩეხეთის პეიზაჟებით დატკბნენ», რადგან “საზღვრების გახსნა ეპიდემიოლოგიურ ვითარებას კვლავ გააუარესებს”.
ასე გამოეხმაურა ზემანი, მათ შორის, ჯანდაცვის მინისტრ ადამ ვოიტეხის წინადადებას შეზღუდვების შერბილებისა და მოქალაქეებისთვის კორონავირუსის პანდემიის დაბალი მაჩვენებლების მქონე ქვეყნებში – სლოვაკეთსა და ხორვატიაში გასვლის ნების დართვის თაობაზე.
თავის მხრივ, ტურისტულმა კომპანიებმა მთავრობას მიმართეს თხოვნით, საზღვრების გახსნის მიახლოებითი ვადები მაინც დაასახელოს. ქვეყნის ტურისტული ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტი იან პაპეჟი თვლის, რომ ხელისუფლებას შეეძლო, მოქალაქეებისთვის ბულგარეთში, საბერძნეთში, ტაილანდში, ვიეტნამში ან მალდივებზე გასვლის ნება მაინც დაერთო.
ჩეხეთმა გარე საზღვრები სრულად 16 მარტიდან ჩაკეტა. ქვეყნის დატოვება მოქალაქეებს მხოლოდ სპეციალური საშვებით შეუძლიათ.
ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, პანდემიის დაწყების მომენტიდან ამ დრომდე ჩეხეთში კორონავირუსით 6700 ადამიანი დაინფიცირდა, 186 გარდაიცვალა, 1298 გამოჯანმრთელდა. ეპიდემიის პიკი მარტის ბოლოს-აპრილის დასაწყისში დაფიქსირდა, როცა ქვეყანაში ყოველდღიურად 300-მდე მოქალაქე ინფიცირდებოდა. ეპიცენტრად პრაღა იქცა, სადაც საერთო ჯამში 1590 ინფიცირებულია აღრიცხული.
ბოლო დღე-ღამის განმავლობაში ჩეხეთში 140 ადამიანი დაინფიცირდა.


