გერმანია კორონავირუსის წარმოშობასთან დაკავშირებით ჩინეთს მიმართავს
20/04/2020 07:52:53 მსოფლიო
გერმანია ჩინეთს მოუწოდებს, ახალი ტიპის კორონავირუსის ეპიდემიის გამომწვევ მიზეზებს ნათელი მოჰფინოს.
გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობის მინისტრმა გერდ მიულერმა განაცხადა, რომ „მსოფლიო კრიზისის ფონზე ჩინეთმა უნდა აჩვენოს მაქსიმალური გამჭვირვალობა. განსაკუთრებით, ვირუსის წარმოშობით საკითხთან დაკავშირებით“.
მისი თქმით, აუცილებელია იმ თეორიის განხილვაც, რომ ვირუსი ხელოვნურად, ლაბორატორიაში გაჩნდა. თავის მხრივ, ქალაქ უხანში მდებარე ვირუსოლოგიის ინსტიტუტის ლაბორატორიის ხელმძღვანელმა იუან ჩჟიმინმა კატეგორიულად უარყო ეს ვერსია. მისი თქმით, „მეცნიერებმა ზუსტად იციან, რა სახის კვლევები მიმდინარეობს ლაბორატორიაში და როგორ ეპყრობიან მკვლევრები ვირუსებსა და ნიმუშებს“. ჩჟიმინის მტკიცებით, ლაბორატორიის არც ერთი თანამშრომელი არ დაინფიცირებულა.
მანამდე ამერიკულმა ტელეკომპანია „ფოქს ნიუსმა“ გაავრცელა ცნობა, რომ „კოვიდ-19“-ით ინფიცირებული პირველი პაციენტი უხანის ლაბორატორიის თანამშრომელი იყო.
ვირუსის წარმოშობის დასადგენად დამოუკიდებელი გამოძიების ჩატარება მოითხოვა ავსტრალიის საგარეო საქმეთა მინისტრმაც.აშშ–ის პრეზიდენტმა კი განაცხადა, რომ თუ ჩინეთმა განზრახ დამალა ვირუსის შესახებ მონაცემები, მაშინ პეკინმა პასუხი უნდა აგოს.


