"დღეს გარდაცვლილი პაციენტის გადარჩენა შეუძლებელი იყო, მას ერთი თვის წინ მძიმე ოპერაცია ჩაუტარდა"
18/04/2020 19:20:28 საზოგადოება
"დღეს ახალი კორონავირუსით გარდაცვლილი პაციენტის გადარჩენა შეუძლებელი იყო", – ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ განაცხადა.
"ვიცი ეს პაციენტი, მისი გადარჩენა იყო შეუძლებელი, მას კორონავირუსი რომც არ დამართნოდა, ის ისედაც იქნებოდა ძალიან მძიმე და თითქმის უიმედო, იმდენად მძიმე დაავადებები ჰქონდა. ერთი თვის წინ ჩაუტარდა მძიმე ოპერაცია, აღენიშნებოდა აბსცესები სხეულზე, ყველაფერ ამას დაემატა კორონავირუსი. ჩვენ ექიმები ვართ, სასწაულმოქმედები არ ვართ", - განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.
საქართველოში ახალი კორონავირუსით კიდევ ერთი ადამიანი გარდაიცვალა. 70 წელს გადაცილებული პაციენტი ბათუმის კლინიკა „მედალფაში“ გადიოდა მკურნალობას და მას თანმხლები დაავადებები აღენიშნებოდა. როგორც „მედალფაში“აცხადებენ, იგი ე.წ. ქობულეთის კლასტერს განეკუთვნებოდა.
ბოლო მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 388 შემთხვევაა დადასტურებული, აქედან 86 გამოჯანმრთელებულია, ხოლო 4 გარდაიცვალა. გარდა ამისა, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 3 მოქალაქე.


